ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ მესამე შოტლანდიიდან ბალმორალის ციხესიმაგრიდან ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში დაბრუნდა. სწორედ ბალმორალის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა ინგლისის დედოფალი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ტახტზე მყოფი, ელისაბედ მეორე.
73 წლის ჩარლზი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხნიერი ადამიანი იქნება, ვინც სამეფო ტახტს დაიკავებს. დღეს ის ასევე სიტყვით მიმართავს ხალხს და ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იქნება მონარქის როლში.
დღესვე გაიმართება ახალი მეფისა და სულ რამდენიმე დღის წინ დანიშნული პრემიერის, ლიზ ტრასის შეხვედრაც ბუკინგემის სასახლეში. ტრასის პრემიერად დანიშვნის ცერემონია თავად ელისაბედ მეორემ, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჩაატარა.
დედოფლის ხსნოვისადმი პატივისცემის ნიშნად, სპეციალური სესია ჩატარდება პარლამენტშიც. პარასკევს დანიშნულ სამგლოვიარო ცერემონიალში, რომელიც წმინდა პოლის კათედრალში ჩატარდება, მივლენ როგორც ახალი პრემიერი, ისე მისი კაბინეტის წევრებიც.
სამხედრო სალამით მიაგებენ პატივს დედოფალს ჰაიდ პარკსა და სხვა რამდენიმე ლოკაციაზე.
დედოფალ ელისაბედის დაკრძალვა მომდევნო რამდენიმე დღეში იგეგმება ვესტმინსტერ ებიში. დასაფლავების დღე ბრიტანეთში ეროვნული გლოვის დღედ და საყოველთაო დასვენებად გამოცხადდება.
ბრიტანეთის მოსახლეობა დედოფალს გლოვობს. ისინი ყვავილებით და სანთლებით ხელში ბუკინგებისა და უინძორის სასახლეებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ბრიტანეთის საელჩოებთან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილი დედოფლის ხსოვნას.