იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილის მსგავსად, თბილისის მერიის 100-ზე მეტი მუშაკი გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
30 ნოემბერს განცხადებას ხელს 130-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. მათი რიცხვი მზარდია. განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ. განცხადება ამბობს:
„ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.
ასევე ნახეთ: დიპლომატიური უწყების 135-ზე მეტი თანამშრომლის განცხადება და ბულგარეთში ელჩის გადადგომამსგავს განცხადებებს საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები ჯგუფურად ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ. საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილმა.
სასწავლო პროცესს აჩერებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ილიაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი. განცხადებას ავრცელებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სადაც ნათქვამია, რომ ისინი გმობენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
საერთო განცხადება გააკეთეს თბილისის კლუბებმა. მათ სისტემის მსხვერპლებსა და მძევლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება მოითხოვეს.
29 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოაქვეყნა განცხადება. მათი თქმით, „2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს…“
განცხადება გამოაქვეყნა 17-მა მოსამართლემ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. პარალელურად გავრცელდა საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების წერილიც. წერილში, რომელსაც 16 ადამიანი აწერს ხელს, ხაზგასმულია:
„აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ასევე ნახეთ: თავდაცვისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლები მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს“, - ამგვარი განცხადება გააკეთა იუსტიციის სახლის 262-მა თანამშრომელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე. 29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.