"თალიბანი" ახალ საომარ ქმედებებზე საუბრობს

"თალიბანმა" პარასკევს ახალი საგაზაფხულო იერიშები ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი ძალადობრივი კამპანიის და თავდასხმების მიზანი მუსლიმური სამშობლოს დამპყრობლებისგან და "ამერიკელი ოკუპანტებისგან" გათავისუფლება და ე.წ. ისლამური სისტემის დამყარებაა - აცხადებს დაჯგუფება. ახალ საომარ კამპანიას "თალიბანის" წევრები გამარჯვებას არქმევენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და "თალიბანის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა და ბევრს იმედი გაუჩნდა, რომ მალე 18-წლიანი ომის დასრულება და მშვიდობის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს განცხადებები დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა, რადგან ბოლო წლებში "თალიბანს" არ შეუმცირებია საომარი ქმედებები და თავდასხმები როგორც ავღანელ, ისე ნატოს წარმომადგენელ სამხედროებზე.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამას "უბრალოდ პროპაგანდას" უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი დამარცხება მიმდინარე ოპერაციებით შესაძლებელია.

მხოლოდ გასულ კვირაში ბრძოლებისა და "თალიბანის" თავდასხმების, ძირითადად აფეთქებების შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან.