თალიბანის მიერ, ავღანეთის აღების შემდეგ, საფიქრალი გაუჩნდათ დიდ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ როგორ მოიქცნენ იმ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომელსაც თალიბანი ქმნის და ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ფეისბუქმა, ორშაბათს დაადასტურა, რომ თალიბანს, როგორც ტერორისტულ დაჯგუფებას განიხილავს და თავის ყველა პლატფორმაზე კრძალავს ყველა იმ შინაარსის პოსტს, რომელიც ამ დაჯგუფების მხარდამჭერია.
მიუხედავად ამისა, თალიბანის წევრები ავღანელებთან საკომუნიკაციოდ ფეისბუქის მიერ შექმნილს აპლიკაცია WhatsApp-ს იყენებენ. კომპანიის წესების მიხედვით, საშიშ დაჯგუფებებად აღიარებული ორგანიზაციების წევრებს, ეკრძალებათ მათი პლატფორმებით სარგებლობა.
ასევე ნახეთ: აშშ ავღანეთიდან დევნილების მისაღებად ემზადებაფეისბუქში ამბობენ, რომ კომპანია დეტალურად შეისწავლის ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს და WhatsApp-ი იმოქმედებს საჭიროების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ თალიბანის წევრს, ან მათ მხარდამჭერს მართლაც აქვს WhatsApp-ის აპლიკაცია, კომპანია ამ კონკრეტული ადამიანის ანგარიშს გააუქმებს და შესაბამისად, პროგრამის გამოყენებას აუკრძალავს.
თალიბანი აქტიურად იყენებს ტვიტერსაც. თალიბანის სპიკერს, ასი ათასობით მიმდევარი ჰყავს და ქვეყნის აღების დროს, ტვიტერის პლატფორმაზე მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებდა.
თალიბანთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად, ტვიტერში ჟურნალისტებს მათ წესებზე მიუთითეს, სადაც განმარტებულია, როგორია პოლიტიკა ძალადობრივი და სიძულვილის ჯგუფების მიმართ. თუმცა, არ განუმარტავთ, როგორ ახდენენ ისინი ამ ჯგუფების კლასიფიკაციას და მოექცევა თუ არა თალიბანი ამ წესების ქვეშ. ტვიტერის წესების მიხედვით, მათი პლატფორმის გამოყენება არ შეიძლება ტერორიზმისა და ძალადობის წასახალისებლად.
ასევე ნახეთ: "საევაკუაციო მისია 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს" - პენტაგონის სპიკერი ქაბულის შესახებთალიბანის ოფიციალურმა პირებმა, მას შემდეგ, რაც ავღანეთი აიღეს, განცხადება გამოაქვეყნეს. ისინი ამბობენ, რომ მშვიდობიანი საერთაშორისო ურთიერთობები სურთ და პირობას დებენ, რომ დაიცავენ ავღანელებს.
თუმცა, ქვეყნის სადავეებთან თალიბანის დაბრუნება, ბევრს უჩენს შიშს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანის უფლებები კვლავ შეიზღუდება. ეს შიში კი, განსაკუთრებით ქალების უფლებებს და მათ თავისუფლებას ეხება. საერთაშორისო საზოგადეობა ასევე ეჭვობს, რომ ავღანეთი, კვლავ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.