"საყოველთაო ამნისტია" და ქალების როლი თალიბანის პერსპექტივით

ავღანური ტელეკომპანია "Tolo News"

თალიბანმა მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის „საყოველთაო ამნისტია“ გამოაცხადა და მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაოს. დაჯგუფება აცხადებს, რომ მთავრობაში საკუთარი როლის შესრულების შესაძლებლობა ქალებაც მიეცემათ, თუმცა შარიათის კანონების შესაბამისად.

„თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, სრული ნდობით“ - განაცხადა ენამული სამანგანიმ, თალიბანის კულტურული კომისიის წევრმა. ამნისტიის შესახებ განცხადება სწორედ მან გააკეთა. ეს იყო თალიბანის მხრიდან, ავღანეთში მმართველობის შესახებ გაკეთებული პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ქვეყნის მართვის სადავეები აიღო და დედაქალაქზეც კონტროლი დაამყარა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ავღანეთი დატოვა.

ასევე ნახეთ: ვინ არიან თალიბები?

სამაგინმა ქალების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ისლამურ საამიროს არ სურს ქალები მსხვერპლნი იყვნენ. „ისინი უნდა იყვნენ სამთავრობო სტრუქტურაში, შარიათის კანონის შესაბამისად“ - ამბობს თალიბანის კულტურის კომისიის წევრი.

„ჩვენი მთავრობის სტრუქტურა ჯერ სრულად ნათელი არ არის, მაგრამ გამოცდილებაზე დაფუძნებით, უნდა იყოს სრულად ისლამური ხელმძღვანელობა, რომელსაც ყველა მხარე უნდა შეუერთდეს,“ - განმარტავს სამაგინი.

მანამდე, თალიბანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა, ქალთა უფლებების შესახებ შიშის თაობაზე პასუხის გაცემა სცადა. თქვა, რომ „მათი, [ქალების] განათლების უფლება ასევე დაცულია.“

ასევე ნახეთ: თალიბანის ძალაუფლებაში დაბრუნებასთან ერთად, სოციალური მედიები დილემის წინაშე დგანან

ამ განცხადებების ფონზე, ერთადერთი, რაც ნათელი ხდება, ისაა, რომ თალიბანის მმართველობა „ისლამურ პრინციპებზე“ იქნება დაფუძნებული.

თალიბანის წინა მმართველობის დროს, როცა ქვეყანა ისლამური კანონის მკაცრი ინტერპრეტაციით იმართებოდა, ქალები დიდწილად შინ იყვნენ და საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. ამ მხრივ, ბოლო წლებში, ისლამისტური დაჯგუფების ლიდერები მეტი ზომიერების გამოჩენას ცდილობენ, თუმცა ავღანელთა უმეტესი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი. შიშობენ სამოქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ამ დრომდე ჩართული ქალები, რომლებმაც წლების განმავლობაში განათლებაც მიიღეს და არჩევანის შედარებით მეტი თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე - მანამდე.

ავღანეთის წამყვანი ტელეკომპანიის, „Tolo News”-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება სამშაბათს ქალმა ჟურნალისტმა წაიყვანა. ჟურნალისტს ინტერვიუ თალიბანის მედია ჯგუფის წარმომადგენელთან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ქაბული დაეცა, ეს ტელეეკრანზე ქალი ტელეწამყვანის გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო.