თალიბანმა იერიში ავღანეთის პროვინციულ დედაქალაქზე მიიტანა

დღეს ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედი თალიბანის ძალები კიდევ უფრო დაწინაურდნენ. მათ ბადღისის პროვინციის დედაქალაქ ქალა-ი-ნაუს მისადგომებს მიაღწიეს.

ასევე ნახეთ: ავღანეთში ვითარება რთულდება - გენერალი მილერი

მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა და ქალაქის ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევა გამოიწვია. ოფიციალური წყაროების მიხედვით, გაქცეულია 200-მდე პატიმარი. პროვინციის გუბერნატორმა ჰუსამუდინ შამმა სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ თალიბანმა ქალაქს დღეს დილით სამი მხრიდან შეუტია და ქალაქის ზოგ ნაწილში შეაღწია კიდეც.

უცხოეთის ძალების ავღანეთიდან გასვლასთან ერთად, რაც თითქმის 20 წლის მანძილზე გრძელდებოდა, თალიბები ჩრდილოეთში და დასავლეთში თანდათან დაწინაურდნენ. მთელ რიგ პროვინციებში ავღანელი ჯარისკაცები იარაღს ყრიან, მშვიდობიანი მოსახლეობა კი გარბის. ავღანეთის თავდაცვა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები პოზიციების დაცვაში სირთულეებს აწყდებიან.