ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ქაბულის აეროპორტის გეგმას ერთად განიხილავენ


თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰალუსი აკარმა განაცხადა, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან ერთად, ოთხშაბათს, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების გეგმას განიხილავს. ამერიკელმა და თურქმა თავდაცვის მინისტრებმა უნდა მოილაპარაკონ როგორ იმოქმედებენ მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარები ავღანეთს დატოვებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ქაბულში მდებარე ჰამიდ კარზაის აეროპორთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

ანკარამ გამოთქვა მზაობა, რომ დაიცვას და მოუაროს აეროპორტს მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარები ავღანეთს დატოვებენ. ტექნიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე კი მოლაპარაკებებს პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკასთან აწარმოებს. ამ აეროპორტის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია დიპლომატიური მისიებისთვის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისინი მუშაობენ გაეროსთან, ნატოსთან, ავღანეთის მთავრობასა და ამერიკის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ კონსესუსი ამ თემასთან დაკავშირებით შედგეს. მინისტრის განცხადებით, აეროპორტის უსაფრთხოება და ფუნქციონირება მნიშვნელოვანია არამხოლოდ დიპლომატიური მისიებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ავღანეთის მთავრობა არ მოწყდეს დანარჩენ მსოფლიოს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს. ამით, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 20-წლიანი სამხედრო მისია დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG