სირიის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

ეგვიპტეში, ჰოსნი მუბარაკის ხელისუფლების დამხობა მისივე მოკავშირე შეიარაღებული ძალების განდგომამ განაპირობა. ლიბიაში, პრეზიდენტ კადაფის, უმაღლესი ჩინოვნიკები ამბოხების დაწყებისთანავე ჩამოშორდნენ. ტუნისში ზინე ელ აბიდინ ბენ ალიმ ქვეყანა არეულობის დაწყებიდან მალევე დატოვა, იემენში კი აბდულა სალეჰის პოლიტიკური ფიგურის გადარჩენას დრო დასჭირდა, თუმცა მეზობელი ქვეყნების ზეწოლით ისიც ახლა ემიგრაციაში აღმოჩნდა.

ყველა ჩამოთვლილი შემთხვევისგან განსხვავებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, სირიაში დაწყებული საყოველთაო ამბოხიდან ერთი წლის თავზე საკმაოდ მშვიდად გამოიყურება და ხელისუფლებიდან წასვლის არანაირ ნიშანს არ აჩვენებს. პრეზიდენტისვე მითითებით, სირიის შეიარაღებული ძალები ჰომსა და იდლიბში ამბოხებულებზე სასტიკ შეტევებს აგრძელებენ.

სირიის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ასადის მთელი ოჯახი თითქოს რეალობასაა მოწყვეტილი. უცხოეთში გაჩნდა ინფორმაციაც, რომ მისი მეუღლე ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად ჩვეულ რიტმში ცხოვრობს და ათობით ათას დოლარს საკუთარ გარდერობსა და დამასკოში მდებარე რეზიდენციის გალამაზებაში ხარჯავს.

სირიის საკითხების ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბაშარ ალ ასადის თავდაჯერებულობა გენეტიკურია და მამის, ჰაფეზ ალ ასადის მიერ საფუძველჩაყრილი სისტემით საზრდოობს.

ამასთან დაკავშირებით ბეირუთში დაფუძნებული კარნეგის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი პოლ სალემი ამბობს:

„ასადების დინასტია 1970 წლიდან, სახელმწიფო გადატრიეალებიდან იღებს სათავეს, ხელისუფლება რომელიც საფუძველშივე ამბოხების, დაუმორჩილებლობის დაძლევაზე იყო ორიენტირებული.“

ჰაფეზ ასადმა სადაზვერვო სამსახურების რთული სისტემა შექმნა, ცალკეული ორგანოების ქსელი რომლებიც ხშირად თავად სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების ცენზურით იყვნენ დაკავებული. მისი ვაჟს მსგავსად, ხელისუფლების მაღალი ეშელონები ალავიტების უმცირესობის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ამით უფროსი ასადი, ქრისტიან, და დრუდების უმცირესობასაც სუნიტ უმრავლესობასთან დაპირისპირების რისკებზე აფრთხილებდა.

შედეგი ორგანიზებული, თანმიმდევრული ცენტრია და სახელმწფო სამსახურიდან დეზერტირთა უმნიშვნელო რაოდენობა.

„სირიის სადაზვერვო სამსახურებში ოფიცრები ერთმანეთს და სხვა ოფიციალურ პირებს ადევნებენ თვალს, ერთმანეთის საქმიანობას აკვირდებიან და ამით გარკვეულ საფრთხეებს იცილებენ თავიდან. ალბათ ამით აიხსნება სირიაში დეზერტირების მეტნაკლებად მცირე რაოდენობაც.“

დეზერტირები ამ დრომდე, სირიის სუნიტ ახალწვეულებს შორის ფიქსირდება, რომლებიც უარს აცხადებენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აღმართონ ხელი. სწორედ მათი უმრავლესობით არის დაკომპლექტებული თავისუფალი სირიის არმიაც, რომელსაც სირიის ოპოზიცია ასადის ერთადერთ რეალურ ალტერნატივად მიიჩნევს.

ოპოზიციის წევრი ჰაიტამ ალ მალეჰი ამბობს:

„თავისუფალი სირიის არმია თავს იცავს. ასადის რეჟიმს ვერანაირი პოლიტიკური მექანიზმი ან სამშვიდობო ინიციატივა ვერ შეაკავებს. მათ ძალისმიერი მეთოდებით უნდა ებრძოლო.“

ამ ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობაში თანხმობა არ არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ასადის მთავრობის მოქმედებების დაგმობა.

შესაბამისად, გაეროს ინტერვენციის ალბათობაც ძალიან მცირეა. ალ მალეჰის განცხადებით, სხვა თუ არაფერი, უცხოეთის ქვეყნებს თავისუფალი სირიის არმიის დახმარება იარაღით შეუძლიათ.

თუმცა ამ განცხადებას არ ეთანხმება სპარსეთის ყურის კვლევითი საბჭოს ექსპერტი აბდულ აზიზ საქრი, რომელიც ფიქრობს, რომ სამხედრო დახმარებით პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი გვარდება

„ორგანიზებულ შეიარაღებულ ძალებს კალაშნიკოვებით და პისტოლეტებით ვერ დაამარცხებ. სირიის ოპოზიციას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჭირდება, და ის ყოვლისმომცველი სადაზვერვო ინფორმაციით უნდა იყოს აღჭურვილი. თუ რუსები სირიის არმიას სატელიტიდან მიღებული ინფორმაციით უზრუნველყოფენ, ოპოზიციურ დაჯგუფებებს პრაქტიკული ინფორმაცია ესაჭიროებათ მთავრობის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესასწავლად.“

რუსეთის როლი, რომელიც სირიის მთავრობას იარაღით ამარაგებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სირიის მოვლენებში კიდევ ერთ დიდ განსხვავებას. ეს არის ყველა მოთამაშის უფრო კომპლექსური ჩართულობის ხარისხი და რეგიონალური თუ გლობალური ფსონი. სირია რუსეთის ერთერთი უკანასკნელი მოკავშირეა ამ რეგიონში და შესაბამისად, მოსკოვი ბოლომდე შეეცდება ამერიკასა და დასავლეთს ლიბიის მსგავსად, სირიაში შეჭრის უფლება არ მიცეს.

„ჩვენთვის, რეგიონალური სწავლულებისთვის, რუსეთის გამარჯვება სირიაში მოსკოვის ფაქტობრივ გამარჯვებას ნიშნავს ამერიკაზე.“

ვაშინგტონში, სირიის ოპოზიციის მიმართ ზეპირსიტყვიერი მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, თუმცა ამერიკა თავს იკავებს ინტერვენციაზე.

გაუგებრობა შეიმჩნევა რეგიონალური ქვეყნების მასშტაბითაც, ისრაელის ჩათვლით, რომელიც ასადის წასვლის შემთხვევაში ფუნდამენტალისტთა მომძლავრებას შიშობს.

შარშან, სირიის მოვლენების ანალიზისას პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, ხშირად ხმარობდნენ სიტყვებს-„გარდაუვალი“, ან „მოსალოდნელი“. დღეს ამ ტერმინოლოგიაში „გარდაუვალი“ რჩება, თუმცა ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას თუ რამდენად მოსალოდნელი და ახლო პერსპექტივის საკითხია ასადის გადადგომა.