სირიამ არაბული ლიგა „სახიფათო ნაბიჯის“ გადადგმაში დაადანაშაულა. ამის მიზეზის კი არაბულ ლიგაში სირიის წევრობის შეჩერება გახდა. რეგიონალურმა გაერთიანებამ ეს გადაწყვეტილება სირიაში მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის გამო მიიღო. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სირიის საგარეო საქმეთა მინისიტრმა ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა, რომ შაბათს არაბულ ლიგაში ჩატარებული კენჭისყრა არალეგიტიმურია, რადგანაც ის არ იყო ფარული. 18-მა ქვეყანამ საუდის არებეთის და ყატარის ინიციატივით მხარი დაუჭირეს სირიაზე სანქციების დაწესებას. სირიამ, ლიბანმა და იემენმა წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ერაყმა თავი შეიკავა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სირიას არაბული ლიგის წევრობა ოთხშაბათიდან შეუჩერდება, თუკი დამასკო გააგრძელებს არაბული ლიგის სამშვიდობო გეგმის პირობების დარღვევას და გააგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას.