რუსი სამხედრო ბლოგერის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა - დარია ტრეპოვამ თქვა, რომ ის „სიგიჟემდე შეძრწუნებულია“ ბომბის კაფეში მიტანის გამო, რომელმაც ვლადლენ ტატარსკი მოკლა. მისი თქმით, მან არ იცოდა რა იყო ამანათში, რომელიც მან ტატარსკის ერთი თვის წინ სანკტ-პეტერბურგის კაფეში, მისი სიტყვით გამოსვლისას გადასცა.
დარია ტრეპოვა მოსკოვშია დაკავებული, ტერორიზმის ბრალდებით. მას ასევე ბრალს სდებენ "ტატარსკის" სახელით ცნობილი ბლოგერის, იგივე მაქსიმ ფომინის, მოსაკლავად უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.
”ყველაზე მეტად მინდა სიკვდილი”, - განუცხადა 26 წლის ახალგაზრდამ სანკტ-პეტერბურგის ონლაინ საინფორმაციო არხს „როტონდა“, რომელმაც მისი ინტერვიუს ამონარიდები ინტერნეტში გამოაქვეყნა. გამოცემას არ უთქვამს, როდისაა ინტერვიუ ჩაწერილი.
ასევე ნახეთ: რა ვიცით ტატარსკის მკვლელობის შესახებ?”მე ვიმეორებ მოვლენებს ჩემს თავში... რატომ მჯეროდა, რომ არაფერი იყო საშიში იმ პაკეტში, რომლის მიტანაც მთხოვეს?“ - ციტირებს მას გამოცემა. „ყველაზე აუტანელი ის არის, რომ ჩემი ხელით მოკლეს კაცი, ათეულობით დაასახიჩრეს. მე ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი“, - თქვა მან.
ტრეპოვას არ უთქვამს, ვინ სთხოვა მას ბლოგერისთვის პაკეტი გადაეცა. პაკეტში ტატარსკის ბიუსტი იყო განთავსებული, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო დამალული. ტატარსკის მან პაკეტი კაფეში მაშინ გადასცა, როდესაც ის ომის სხვა მხარდამჭერებს ხვდებოდა.
ტრეპოვა ახლა ლეფორტოვოს ციხეშია, რომელიც ხშირად გამოიყენება ჯაშუშობაში და სხვა მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილთა პატიმრობისთვის. ტრეპოვამ თქვა, რომ მას გამომძიებლები ესტუმრნენ, მაგრამ ჯერ არ მიუციათ ადვოკატის ნახვის უფლება.