ორშაბათს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რუსეთის საელჩოს წინ, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ბომბმა საელჩოს 2 თანამშრომელი და სულ ცოტა, ერთი ავღანელი სამოქალაქო პირი მოკლა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, აფეთქება საელჩოს საკონსულო სექციის შესასვლელთან მოხდა, სადაც ავღანელები ვიზების შესახებ ინფორმაციას ელოდნენ. რუსი დიპლომატი შენობიდან გამოვიდა და ვიზების მიღების კანდიდატებს ასახელებდა, როდესაც აფეთქება მოხდა.
ასევე ნახეთ: ჯონსი: ავღანეთიდან გამოსვლა შეცდომა იყომომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა როგორც ჩანს, თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფეთქების სამიზნე დიპლომატიური მისია გახდა. თავდასხმების სამიზნე მეტწილად თალიბების პოზიციები და უმცირესობების, კერძოდ შიიტების მეჩეთები იყო. ამას აბრალებდნენ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურ ფრთას, რომელიც თალიბანს უპირისპირდება და შიიტების მიმართ, რომლებსაც ერეტიკოსებად მიიჩნევს, შხამიანი სიძულვილი აქვს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რატომ გახდა ტერორისტების სამიზნე კონკრეტულად რუსეთის საელჩო.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა თალიბანს ტერორისტული ჯგუფის კლასიფიკაცია მიანიჭა, მას მოსკოვში წარმომადგენლობა აქვს და თალიბანის დელეგაცია ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრო.