კრიტიკის ფონზე, გერმანია ამბობს, რომ უკრაინაში მძიმე შეიარაღების გაგზავნისთვის მზადაა

ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანია ამ ეტაპზე აზუსტებს, თუ რა ტიპის ტექნიკა ძველდება მათ შეიარაღებულ ძალებში, რომელიც უკრაინას შეიძლება გამოადგეს. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გააკეთა.

ის უკვე მეორე დღეა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება. ბერლინს მოკავშირეები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ გერმანიის მთავრობა კიევისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით ფეხს ითრევს.

ასევე ნახეთ: აშშ, ბრიტანეთი და კანადა უკრაინას საარტილერიო შეიარაღებას მიაწვდიან

"ტაბუ არცერთი სამხედრო მანქანის და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების საკითხს არ ადევს, რაც უკრაინას ესაჭიროება" - განაცხადა ბერბოკმა, ესტონელ კოლეგასთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს კითხვა "ლეოპარდის" ტიპის ტანკებზეც დაუსვეს, რაზეც ბერბოკმა უპასუხა, რომ ასეთი მოწინავე ტექნიკის ასათვისებლად სპეციალური წვრთნაა საჭირო, რომლის თანხებსაც ბერლინი, საჭიროების შემთხვევაში გადაიხდის.

"მილიარდ ევროს ვაწვდით, რადგან არამარტო მომდევნო დღეების და თვეების საჭიროებაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ მომდევნო წლების მანძილზე უკრაინის სისტემების საჭიროებაზე; არამარტო იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს უკრაინის თავდაცვას, არამედ თავისუფალ უკრაინას მომავალში... ვიცით, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის მთავრობას და კონკრეტულად კანცლერ ოლაფ შოლცს საკუთარი ქვეყნის მედიაც ხშირად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კანცლერი უკარაინაში ტანკების გაგზავნას ბლოკავს. ომის სტრატეგები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მძიმე შეიარაღება, რათა რუსეთის თავდასხმას გაუმკლავდეს.