თუ ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ, ალიანსი მათ საკუთარ რიგებში სიამოვნებით მიიღებს. ეს განცხადება დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" (CNN) საუბრისას გააკეთა.
სტოლტენბერგმა "სი-ენ-ენის" ჟურნალისტ დანა ბაშს უთხრა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ალიანსს ფინეთთან და შვედეთთან "კარგი დიალოგი აქვს". ჟურნალისტმა უკრაინის საკითხებზე მიმდინარე ინტერვიუს დასასრულს, ნატოს გენერალურ მდივანს კითხვა კონკრეტულად ფინეთის პრეზიდენტთან ამ კვირაში გამართული საუბრის თაობაზე და ფინეთის ალიანსში შესაძლო გაწევრიანებაზე დაუსვა.
ასევე ნახეთ: ფინეთი: ნატოში გაწევრიანება „მომგებიანი იქნება“"ეს ფინეთის გადასაწყვეტია, ეს გახლავთ ნატოს მთავარი გზავნილი, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ფინეთის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ უფლებას თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი" - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, "ზუსტად ეს არის ის, რასაც რუსეთი პატივს არ სცემს, რადგან ის შეეცადა ფინეთის დაშინებას და თქვა, რომ თუკი ფინეთი ნატოში გაწევრიანდება, ამას შედეგები მოჰყვება".
"კარგი დიალოგი გვაქვს ფინეთის პოლიტიკურ ლიდერებთან, ფინეთის პრეზიდენტთან, ასევე შვედეთთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მათი მისაღებია, მაგრამ თუ ისინი [გაწევრიანებაზე] განაცხადს გააკეთებენ, მოველი, რომ ამას 30-ივე მოკავშირე მიესალმება და ჩვენ ვიპოვით გზებს, რომ შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, მათი ალიანსში გაწევრიანება შედარებით სწრაფად მოხდეს" - განაცხადა დღეს იენს სტოლტენბერგმა "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში.