თეთრი სახლი ეხმაურება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
„ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან და მზად ვართ სასწრაფოდ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის მიერ ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის დონბასის და ლუჰანსკის რეგიონში.
ასევე ნახეთ: პუტინის "აღიარებას" დასავლეთში მწვავე რეაქცია მოჰყვაპრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გავრცელდება ყველა იმ პირსა თუ კომპანიაზე, რომლებიც უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას გადაწყვეტს. სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში გაავრცელებენ დამატებით დეტალებს. ასევე მალე გავავრცელებთ ინფორმაციას დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან.
გასაგებად რომ ვთქვათ: ეს ზომები განცალკევებულია იმ სწრაფი და მძიმე ეკონომიკური სანქციებისგან, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. მათ შორის - უკრაინასთან, შემდგომი ნაბიჯების თაობაზე და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ,“- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ის უკვე ესაუბრა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. სატელეფონო საუბარი ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ გაიმართა, რაც პუტინმა დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახლემწიფოებად გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: პუტინმა ლუჰანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერაუკრაინის პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სატელეფონო საუბარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთანაც.
ზელენსკის ცნობით, კიევში უახლოეს წუთებში სპეციალური შეხვედრა დაიწყება, სადაც რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების - ლუჰანსკისა და დონეცკის - დამოუკიდებლობის დეკლარაციას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.
სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ამ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან ერთად "მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" დეკლარაციებსაც მოაწერა ხელი.
ასევე ნახეთ: საგანგებო სხდომა კრემლში - მოსკოვი ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს?მანამდე ამ საკითხზე მსჯელობა ვლადიმირ პუტინმა კრემლის მაღალი თანამდებობის პირებთან გამართა, სადაც მათ პრეზიდენტს საკუთარი პოზიციები გააცნეს. ყველა მათგანი ამბობდა, რომ რუსეთს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა.
პუტინს გასულ კვირას რუსულმა „დუმამაც“ მიმართა, რათა მას ეღიარებინა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა. დღეს კი ვლადიმირ პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტთა ლიდერებმა მიმართეს.