ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ძალების გაყვანა ნაწილობრივ ნატოს უკანდახევაზეა დამოკიდებული, აცხადებს მინსკი


რუსეთის და ბელარუსის ერთობლივი წვრთნა ბელარუსში, 19 თებერვალი, 2022 წ.
რუსეთის და ბელარუსის ერთობლივი წვრთნა ბელარუსში, 19 თებერვალი, 2022 წ.

მინსკის ოფიციალური განცხადებით, ბელარუსიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა დიდად არის დამოკიდებული ნატოს უკანდახევაზე, ბელარუსის და რუსეთის საზღვრებიდან. შესაძლოა, ეს უკრაინის მეზობლად, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული საჯარისო შენაერთების და სამხედრო ტექნიკის განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ნიშნავდეს.

ნატოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეფასებით, ეს ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი ზომის ძალთა გადაადგილებაა ევროპის ტერიტორიაზე. სამხედრო წვრთნები ბელარუსში 10 თებერვალს დაიწყო და კვირას უკვე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რუსეთს თავისი ძალები ბელარუსიდან ჯერ არ გაუყვანია. მინსკმა სანაცვლოდ გამოაცხადა, რომ წვრთნები გახანგრძლივდა, რის მიზეზადაც ბელარუსის და რუსეთის მახლობლად გაზრდილი სამხედრო აქტივობა დასახელდა.

ორშაბათს, ბელარუსის არმიის მეთაურმა ვიქტორ გურევიჩმა თქვა: "რუსეთის არმიის შენაერთები თავიანთ მუდმივ ბაზებზე დაბრუნდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ამის საჭიროება გაჩნდება და როცა ამას გადავწყვეტთ". მისი განცხადებით, "ეს დასავლელ კოლეგებზეცაა დამოკიდებული. ძალებზე და აღჭურვილობაზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშია განლაგებული, მათ შორის - ბალარუსის მახლობლად... ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მოვლენების განვითარებაზე ახდენს გავლენას".

გურევიჩი თვლის, რომ მინსკს აქვს უფლება, მოითხოვოს შეერთებული შტატების და ნატოს წევრი ქვეყნების ძალების გაყვანა ბელარუსის საზღვრების სიახლოვიდან. ბელარუსი ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს ესაზღვრება, ესენია: პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია. სამხრეთიდან ბელარუსს საზღვარი უკრაინასთან აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG