საქართველოში დამზადებული პირბადეები შესაძლოა მომდევნო კვირიდან გაიყიდოს

პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა საქართველოში ორი კვირის წინ დაიწყო. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მათი გაყიდვა საქართველოს ქსელურ აფთიაქებში შესაძლოა მომდევნო კვირიდან დაიწყოს. მისი თქმით, ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

„ეს არის ჩვენი ახალი პროგრამა, ორი კირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს არის რამდენიმე წვრილი და ასევე მსხვილი სამკერვალო წარმოება ჩართული. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში. ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით დაწესებული, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით უზრუნველვყავით ეს მეტნაკლებად სტაბილური მიწოდება ნედლეულის და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში ჩვეულებრივ გაყიდვაში. წინასწარ მოგახსენებთ ყველას რა იქნება პირობები და ფასი. ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობა ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავზრდოთ, მაგრამ მაინც არის დაკავშირებული ნედლეულის მოწოდებაზე. შეიძლება პირველ ეტაპზე მოთხოვნა სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მიხარია, რომ სხვა წარმოებებიც ამუშავდა. პირბადეები იკერება არამხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დეფიციტი დავამარცხოთ." -განაცხადა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, პირბადეების გარდა სამინისტროს დახმარებით იკერება სხვადასხვა დანიშულების სამედიცინო დამცავი საშუალებებიც.