ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისების ისტორია და ამერიკის პრეზიდენტები


შეერთებული შტატების თითქმის ყველა პრეზიდენტს მოუწია კრიზისის პირისპირ ყოფნა, იქნებოდა ეს პოლიტიკური სკანდალი, სტიქიური უბედურება, ეკონომიკური გასაჭირი თუ ტერორიზმი. თუმცა, ყველა ისეთი უიღბლო არ აღმოჩნდა, რომ ეპიდემიებთან და პანდემიებთან შეჭიდება დასჭირვებოდა. აქ ნახავთ რამდენიმე საინტერესო ამბავს და იმას, თუ როგორ შეაფასეს მათი ნახელავი ისტორიკოსებმა.

ვუდრო უილსონი - ესპანური გრიპი

Woodrow Wilson
Woodrow Wilson

პრეზიდენტი ვუდრო უილსონი აღმოჩნდა 1918-19 წლების ინფლუენზას პანდემიის პირისპირ. რომელმაც მთელ მსოფლიოში 20-დან 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. იმ დროს შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი თომას შვარცი ამბობს: “პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობდა, რომ პანდემიასთან ომს აწარმოებს, მაგრამ უილსონის და “ესპანური გრიპის” შემთხვევაში, შეერთებული შტატები ნამდვილ ომში იყო.”

დაავადების აფეთქებიდან იმ მომენტამდე, სანამ გრიპი 675 ათას ამერიკელს იმსხვერპლებდა, უილსონის ადმინისტრაციის მიერ კრიზისის დაკნინების მიზეზი, ომი იყო.

ტულეინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა ჯონ ბარიმ თქვა: “ვუდრო უილსონს პანდემიის შესახებ არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ეს იმას მიანიშნებდა, რომ უილსონის მთელი ყურადღება ომისკენ იყო მიმართული და მას მხოლოდ ეს აღელვებდა.”

მისური-კანზას სითის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა, მაქს სკიდმორმა თქვა: “ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მსგავსად, შეერთებული შტატები დაავადების აფეთქებას მალავდა, რადგან არ უნდოდა მტრისთვის საკუთარი სისუსტე ეჩვენებინა. დაავადების აფეთქების პიკზე, უილსონმა ჯარები საზღვარგარეთ გააგზავნა მჭიდროდ დატვირთული გემებით, რომლებიც “ვირუსის გადასადები ქვაბები” იყო.”

ბოლოს და ბოლოს, ამერიკის მთელი მოსახლეობის მეოთხედი დასნებოვნდა, მათ შორის, თეთრი სახლის რამდენიმე თანამშრომელიც. ბევრ ისტორიკოსს სჯერა, რომ თვითონ უილსონიც ავად გახდა. ბარიმ თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს, რომელიც წინ უძღოდა 1919 წლის ვერსალის ზავს, უილსონს ჰქონდა “39.4 - 40 გრადუსი სიცხე, ძლიერი ხველა და სხვა სიმპტომები, რაც 1918 წლის ვირუსისთვის იყო დამახასიათებელი.”

იმ დროს, როდესაც შტატებმა და ქალაქებმა დაიწყეს ბრძანებების გამოცემა (რასაც დღეს სოციალური დისტანცირების სახელით ვიცნობთ), ბიზნესების და სკოლების დაკეტვა, საჯარო შეკრებების აკრძალვა - უილსონის ადმინისტრაცია პანდემიის მნიშვნელობის დაკნინებას აგრძელებდა. ესპანეთი, ომის ნეიტრალური მხარე, ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის შესახებ იუწყებოდა და ამის გამო დაავადებას “ესპანური გრიპი” უწოდეს. თუმცა, გრიპი ესპანეთში არ დაწყებულა.

დუაიტ აიზენჰაუერი - “აზიური გრიპი”

H2N2 ვირუსის შესახებ პირველად 1957 წელს, სინგაპურში გამოაცხადეს და ვირუსმა შეერთებულ შტატებს იმავე წლის ზაფხულში მიაღწია.

U.S. President Dwight D. Eisenhower
U.S. President Dwight D. Eisenhower

სკიდმორმა თქვა, რომ პრეზიდენტმა დუაიტ აიზენჰაუერმა გარდაუვალი პანდემიის შესახებ იცოდა, მაგრამ ეროვნული მასშტაბის, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ვაქცინაციის პროგრამის დაწყებაზე თავდაპირველად უარი თქვა. სკიდმორი ამბობს: “მას სწამდა, რომ თავისუფალი ბაზრის მიერ შეთავაზებულ ვაქცინებს, დამდეგ კრიზისთან გამკლავების უნარი გააჩნდა და ამის შედეგად, სიკვდილიანობა სავარაუდოდ იმაზე ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა.”

1957 წლის აგვისტოში, დაავადების აფეთქებასთან საბრძოლველად, აიზენჰაუერმა კონგრესს 500,000 დოლარით დაფინანსება და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი 2 მილიონი დოლარის გამოყოფის ნებართვა სთხოვა. მისი მიზანი, ვაქცინის 60 მილიონი დოზის მიღება იყო, რაც მოსახლეობის ერთი მესამედის, იმ დროისთვის 171 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნებოდა საკმარისი. ნოემბრის დასაწყისისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოზა გამოიყენეს და პანდემიამ ძალის დაკარგვა დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, H2N2 ვირუსმა მსოფლიოში 1.1 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. შეერთებულ შტატებში გარდაცვალებულთა რიცხვი 116 ათასი იყო.

ჯერალდ ფორდი - “ღორის გრიპი”

ლიდერებს ხშირად კრიზისების მასშტაბების შეუფასებლობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ჯერალდ ფორდს, ზოგიერთმა ბრალი გადაჭარბებულ რეაქციაში დასდო.

1976 წლის თებერვალში, ახალი ტიპის გრიპით ჯარისკაცის გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანში, შეერთებული შტატების ჯანდაცვის, განათლების და სოციალური უზრუნველყოფის მდივანმა გამოაცხადა, რომ შესაძლებელი იყო შემოდგომისთვის ვირუსი ეპიდემიად ქცეულიყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ის 1918 წლის გრიპის შტამზე უფრო მომაკვდინებელი ყოფილიყო. ცენტრმა გამოაცხადა, რომ ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, შეერთებული შტატების მოსახლეობის, სულ მცირე 80 პროცენტის აცრა უნდა მომხდარიყო. ამ განცხადების საფუძველზე, აპრილის შუა რიცხვებში, ფორდმა ხელი მოაწერა საგანგებო კანონს “ღორის გრიპზე” ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის შესახებ და რამდენიმე თვეში თითქმის 50 მილიონი ამერიკელის ვაქცინაცია მოხდა.

ფორდმა სწრაფად იმოქმედა, მაგრამ ვაქცინასთან დაკავშირებულმა გართულებებმა, საბოლოოდ მეტი პრობლემები წარმოშვა. გრიპზე აცრის შემდეგ ასობით ადამიანს იშვიათი ნევროლოგიური დარღვევა, ჯულიან -ბარის სინდრომი აღმოაჩნდა. სკიდმორი ამბობს: “ირონიულად გამოიყურება, რომ მთავრობის საკუთარმა მონიტორინგის დახვეწილმა სისტემამ მისცა მათ საშუალება, რომ ის შემთხვევები აღმოეჩინათ და ვაქცინასთან დაეკავშირებინათ.”

იმ დროს, როდესაც ფორდმა თვალსაჩინო გახადა მთავრობის ეფექტურობა რესურსების განაწილების საქმეში, ვაქცინაციის მასიურმა პროგრამამ, სხვა პოლიტიკურ შეცდომებთან ერთად, ხელი შეუწყო იმას, რომ 1976 წელს, რონალდ რეიგანმა ფორდისგან რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციის წართმევა სცადა. იმავე წლის ბოლოს, ფორდმა არჩევნებში დემოკრატ ჯიმი კარტერთან წააგო.

სკიდმორი ამბობს: “საერთო აზრია, რომ მას გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდა. როგორც ჩანს, ის დარწმუნებული იყო და სწორადაც, თუ ახლანდელი პოზიციიდან უკან თუ გავიხედავთ, რომ ბევრად უმჯობესი იყო ყოფილიყო ვაქცინა და არ ყოფილიყო პანდემია, ვიდრე ყოფილიყო პანდემია და არ ყოფილიყო ვაქცინა.”

ოქტომბრის თვეში ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, დიდი აფეთქება არ მომხდარა და “ღორის გრიპს” ახლა იცნობენ პანდემიად, რომელიც არ მომხდარა. ამ გამოცდილებამ ზოგიერთ ამერიკელს ვაქცინების მიმართ უნდობლობა გაუჩინა, რაც დღესაც კი გვხვდება.

რონალდ რეიგანი - “შიდსის” კრიზისი

რეიგანის ადმინისტრაციას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ “შიდსს” სერიოზულად არ ეკიდებოდა და ამერიკაში ჰომოსექსუალების სტიგმატიზაციას უშვებდა. 80-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული პრეს-კონფერენციების აუდიო-ჩანაწერები ამჟღავნებს, თუ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პრეს-მდივანი ეპიდემიის შესახებ ჟურნალისტებთან როგორ ხუმრობდა და მის დასახასიათებლად, ტერმინ “გეი შავ ჭირს” იყენებდა.

შვარცი ამბობს, რომ რეიგანის მიდგომა, მომავალი პრეზიდენტებისთვის ნიმუშად ნამდვილად არ გამოდგებოდა. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ დაავადების აფეთქების ადრეულ ფაზაში, მსხვერპლის უმეტესობას ჰომოსექსუალები ან ნარკომანები შეადგენდნენ, ეს ჯგუფები კი რეიგანის კონსერვატიული კოალიციის გარეთ იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ჰომოსექსუალები ამჟღავნებდნენ იმის ნიშნებს, რასაც მოგვიანებით, 1978 წლის დასაწყისში “შიდსი” დაერქვა, 1985 წლის 17 სექტემბრამდე რეიგანს სიტყვა “შიდსი” საჯაროდ არ წარმოუთქვამს.

სკიდმორი ამბობს, რომ რეიგანმა “შიდსის” ეპიდემიის სიმწვავე უბრალოდ ვერ აღიქვა. რეიგანს ასევე სჯეროდა, რომ მთავრობა პრობლემა იყო და არა პრობლემის გადაწყვეტა, ამიტომ მას უკვე ჰქონდა განწყობა, რომ მისი როლი კრიზისების დროსაც კი დაეკნინებინა.

1987 წლის აპრილში, რეიგანმა “შიდსი” “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნომერ პირველ მტრად” გამოაცხადა. “შიდსის” საკვლევად და საგანმანათლებლო მიზნებისთვის 766 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც 1988 საფინანსო წლისთვის 1 მილიარდამდე უნდა გაზრდილიყო. მაგრამ, თანამოქალაქეებს დაცვის მეთოდების ნაცვლად, სექსუალური კავშირისგან თავშეკავება ურჩია.

რეიგანმა თქვა: ‘მოდი, საკუთარ თავთან გულახდილი ვიყოთ, შეუძლებელია “შიდსის” შესახებ ინფორმაცია, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ფასეულობების მიმართ ნეიტრალური იყოს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც საქმე “შიდსისგან” თავის არიდებას ეხება, განა მედიცინა და მორალი ერთსა და იგივეს არ გვასწავლიან?”

1989 წლისთვის, როდესაც რეიგანის პრეზიდენტობა დასრულდა, შეერთებულ შტატებში “შიდსთან” დაკავშირებული 89 343 გარდაცვალების შემთხვევა არირიცხა.

ჯორჯ ბუში - “შიდსის” კრიზისი და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ქება დაიმსახურა რესპუბლიკელებისგანაც და დემოკრატებისგანაც იმ ვალდებულების აღების გამო, რომ “შიდსის” წინააღმდეგ ბრძოლას გლობალურად და კერძოდ აფრიკაში დაეხმარებოდა.

President George W. Bush
President George W. Bush

მისი წარმატება ერთგვარ კონტრასტს ქმნიდა მამამისის, უფროსი ჯორჯ ბუშის მემკვიდრეობასთან, რომელმაც ორ მნიშვნელოვან კანონს მოაწერა ხელი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამერიკელების შესახებ კანონს და რაიან უაითის ყოვლისმომცველ “შიდსის” რესურსების საგანგებო კანონს, რომელიც “შიდსის” სამკურნალო სახსრებს გამოყოფდა. მაგრამ ზოგიერთი ადმინისტრაციის მოქმედებაში სისწრაფეს ვერ ხედავდა და ბუშს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ის უარს ამბობდა შეეცვალა პოლიტიკა, რომელიც “შიდსის” მქონე პირების შეერთებულ შტატებში შესვლას ბლოკავდა.

2003 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ შექმნა “შიდსის” დახმარების საპრეზიდენტო საგანგებო გეგმა, ინიციატივა, რომელიც გლობალური ეპიდემიის საკითხის მოგვარებისკენ იყო მიმართული. ბარის აზრით, ეს გეგმა, სავარაუდოდ მისი პრეზიდენტობის ხანაში, საუკეთესო რამ იყო და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

ამ გეგმის შექმნის დღიდან, “შიდსის” სამკურნალოდ, მის თავიდან ასაცილებლად და საკვლევად, 80 მილიარდზე მეტი დოლარი გამოიყო და ისტორიაში ის ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის პროგრამა იყო, რომელიც ერთ დაავადებაზე ამახვილებდა ყურადღებას. ფართოდ მიიჩნევა, რომ ამ პროგრამის წყალობით, მილიონობით სიცოცხლე შენარჩუნდა, მეტწილად აფრიკის სუბ-საჰარის რეგიონებში.

2003 წლის აპრილში, აზიაში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების შემდეგ, ბუშმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომლითაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი გადამდები დაავადებების ნუსხას დაემატა და ამის საფუძველზე, ადამიანების იძულებით კარანტინში მოთავსება გახდა შესაძლებელი. ეს დაავადება, მსოფლიოში 8 ათასზე მეტ ადამიანს შეხვდა და 2003 წლის აფეთქების დროს 774 გარდაიცვალა. შეერთებულ შტატებში ინფექციის ლაბორატორიული კვალი მხოლოდ 8 ადამიანს აღმოაჩნდა.

2005 წელს ბუშის ადმინისტრაციამ შექმნა პანდემიური ინფლუენზის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ფედერალურ მთავრობას მოუწოდებდა მუდმივად შეენარჩუნებინა სამედიცინო რესურსების ეროვნული მარაგი და ინფექციის აფეთქების შემთხვევებში, მისი განაწილება მოეხდინა. ამასთან ერთად, ეს იყო ინფრასტრუქტურა მომავალი პრეზიდენტებისთვის, საიდანაც ისინი ცოდნას შეიძენდნენ და მას პანდემიებთან გამკლავებით დაგროვილი გამოცდილებით გაამდიდრებდნენ.

ბარაკ ობამა - H1N1, ზიკა და ებოლა

2009 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის პირველ რამდენიმე თვეში გამოჩნდა ცნობები H1N1-ის, იგივე “ღორის გრიპის” შესახებ, რომელიც პირველად შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს და რომელიც შემდეგ მექსიკაში და მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანახმად, პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2009 წლის 15 აპრილს გავრცელდა. ობამას ადმინისტრაციამ გუნდი შეკრიბა და 26 აპრილს, 6 კვირით ადრე, სანამ ის პანდემიად გამოცხადდებოდა და შეერთებულ შტატებში გარდაცვალების პირველი შემთხვევა აღინიშნებოდა, H1N1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

ბარი ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაცია ვირუსის გამოჩენისთანავე სწრაფად ამოქმედდა. ის 100 პროცენტით ჩაერთო საქმეში, სამეცნიერო კვლევის კუთხითაც და ვაქცინების შექმნის მცდელობის და ჯანდაცვის ზომების გატარების თვალსაზრისითაც.

თავდაპირველი გამოცხადებიდან 6 თვის შემდეგ, როდესაც ათასზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ობამამ “ღორის გრიპი” ეროვნული მასშტაბის საგანგაშო ვითარებად გამოაცხადა.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის შეფასებით, 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის აპრილამდე, შეერთებულ შტატებში “ღორის გრიპის” 60.8 მილიონი შემთხვევა და 12,469 გარდაცვალება აღირიცხა. 2010 წლის 10 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის დასასრულის შესახებ გამოაცხადა.

ოთხი წლის შემდეგ, ობამა სხვა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 2014-16 წლებში “ებოლას” აფეთქებამ დასავლეთ აფრიკაში 11 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

2014 წლის ივლისში, ობამამ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აამოქმედა, რათა მოეხდინა ტექნიკური დახმარების კოორდინირება, რომელშიც რეაგირების ძალისხმევაში დასახმარებლად, დასავლეთ აფრიკაში პერსონალის გაგზავნაც შედიოდა. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა დასავლეთ აფრიკაში, ჯანდაცვის თითქმის 25 ათას მუშაკს, ინფექციის თავიდან აცილების და მისი კონტროლის პრაქტიკაზე სწავლება ჩაუტარა.

შეერთებულ შტატებში, ვირუსზე მხოლოდ 11 ადამიანს უმკურნალეს, თუმცა ზოგიერთმა რესპუბლიკელმა ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ დააწესა იმ ქვეყნებიდან შემოსვლის აკრძალვა, სადაც “ებოლა”-ს აფეთქება ფართოდ იყო მოდებული.

შიდა ფრონტზე, ობამამ კიდევ ერთ ვირუსთან გამართა ბრძოლა. ეს იყო “ზიკა” ვირუსი, რომლის გადამტანიცაა კოღო. “ზიკას” აფეთქება პირველად 2015 წელს, ბრაზილიაში აღინიშნა და 2016 წლისთვის, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 40 ათასი შემთხვევა აღრიცხეს. 2016 წელს, ობამას ადმინისტრაციამ ვირუსთან საბრძოლველად, 1.9 მილიარდი დოლარის ოდენობის საგანგებო ფედერალური დაფინანსება ითხოვა და იმ წლის სექტემბერში, კონგრესმა 1.1 მილიარდი დოლარი დაამტკიცა.

2015 წელს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ობამას მრჩეველმა სიუზან რაისმა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების და ბიოლოგიური თავდაცვის დანაყოფი შექმნა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი გუნდი, რომელიც პანდემიებისთვის მზადყოფნაზე იყო პასუხისმგებელი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის თეთრი სახლის თანამშრომელთა ფორუმი, რომელიც პრეზიდენტს ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კონსულტაციებს აწვდის.

2018 წლის მაისში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების და ბიოლოგიური თავდაცვის დანაყოფი დაშალეს. მისმა ლიდერმა ადმინისტრაცია დატოვა და ზოგიერთი წევრი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხვა დანაყოფებს შეუერთდა.

მიღებული გაკვეთილები

ისტორიკოსები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის პირისპირ მდგარი ის პრეზიდენტები, რომლებიც ინფორმირებული, საკითხზე ფოკუსირებული, ორგანიზებული და გამჭვირვალეები არიან, სავარაუდოდ მეტად წარმატებული იქნებიან.

სკიდმორმა თქვა, რომ ამერიკელ პრეზიდენტებს შეუძლიათ თავისი წინამორბედების გამოცდილებაზე ისწავლონ. კერძოდ ის, რომ ფედერალურ მთავრობასა და შტატებს შორის მტკიცე კორდინაცია დაამყარონ და კერძო სექტორის სრული ჩართულობა უზრუნველყონ. სკიდმორი ამბობს, რომ პანდემიურ ინფლუენზასთან მიმართებაში, უმცროსი ჯორჯ ბუშის ეროვნული სტრატეგია ობამას ადმინისტრაციას ძალიან გამოადგა. ეს იყო გეგმა, რომელიც გავრცელდა ფედერალური მთავრობის ყველა დეპარტამენტზე, ყველა შტატზე და კერძო სექტორის ფართო სეგმენტზე იმისთვის, რომ ანტივირუსული წამლების რეზერვები დაგროვილიყო და ვაქცინის შესამუშავებლად, მეცნიერები საჭირო რესურსებით უზრუნველეყოთ.

შვარცმა და ბარიმ თქვეს, რომ ლიდერები ოპტიმისტურები უნდა იყვნენ და ხალხს იმედი მისცენ, მაგრამ მათი გამჭვირვალობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება არ დაუშვან და შექმნან ნდობის ატმოსფერო, რომელიც ადამიანებს წაახალისებს, საკუთარი მთავრობის მიმართ სკეპტიციზმის ნაცვლად, მოცემული მითითებებით იხელმძღვანელონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG