სანქციები შედეგია საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის პროცესის, - სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა რამდენიმე განმარტება გააკეთა საქართველოს 4 მოქალაქისთვის დღეს, 16 სექტემბერს დაწესებულ სანქციებზე და იმ სავიზო შეზღუდვებზე, რომელიც ამჯერად ქვეყნის 60-მდე მოქალაქეს დაუწესდა, მათ შორის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს. ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, ამ უკანასკნელთა სია საჯაროდ არ ქვეყნდება და საზოგადოებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტში შეკრებილ ჟურნალისტებთან ბრიფინგი მეთიუ მილერმა საქართველოზე განცხადებით გახსნა. მისი თქმით, „შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. ე.წ. უცხოეთის გავლენის კანონის დამტკიცებასთან ერთად, ჩვენ ასევე მოწმე გავხდით საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს იმ მოქალაქეთა ძალადობრივი დარბევის განმეორებითი ფაქტების, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ“. მილერი აცხადებს, რომ აღნიშნული ზომების მიღება განპირობებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებში მათი მონაწილეობით, კორუფციული პრაქტიკით, ან სხვა ანტიდემოკრატიული ქმედებებით.

ასევე ნახეთ: აშშ-ის ხაზინის სანქციები "ქართველ ოფიციალურ პირებსა და ექსტრემისტებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის"

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი განმარტავს, რომ ვაშინგტონის დღევანდელი გადაწყვეტილება, დაეწესებინა სანქციები მთავრობის ორი ოფიციალური პირისა და „მოძალადე ექსტრემისტული ჯგუფის“ ორი ლიდერისთვის, ასევე დაეწესებინა სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტი ქართველი ინდივიდისთვის, შედეგია საქართველოსთან „ყველა ორმხრივი თანამშრომლობის გარშემო მიმდინარე მრავალმხრივი გადახედვის [პროცესის], გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აგრძელებს ანტიდემოკრატიულ ქმედებას, ისევე როგორც ყალბი განცხადებების კეთებას მთავრობის მაღალჩინოსნების მხრიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის ჩვენსა და საქართველოს შორის ათწლეულობით გაგრძელებული ურთიერთობის ხასიათთან“.

ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს კვლავაც შეუძლია დაუბრუნდეს მის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას. ეს უნდა მოხდეს ოქტომბერში დანიშნული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონის გაწვევითა და ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმის რეკომენდაციებში, მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესის დემონსტრაციით.

განცხადების დასასრულს, ხაზი გაუსვა რა ამერიკის შეერთებული შტატების სამ ათეულ წელზე მეტ ხანს გაგრძელებულ მხარდაჭერას დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, მილერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ კურსს, რომელიც მის მოსახლეობას აქვს არჩეული, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართულებით.

„შეერთებული შტატები ბოლო 32 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დახმარება კონცენტრირდებოდა იმაზე, რომ საქართველო გამხდარიყო გაცილებით ძლიერი, აყვავებული და უფრო ქმედუნარიანი ქვეყანა - სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, - განაცხადა მილერმა და დასძინა: “ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომელსაც მისი ხალხი ადგას”.

დარბაზიდან საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას, მილერმა იქვე რამდენიმე საკითხი დააზუსტა. “ვინაიდან თქვენ ურთიერთობათა გადახედვის პროცესი ჯერ არ დაგისრულებიათ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ დღევანდელი სანქციები მრავალშრიანი ზომების ჯერ მხოლოდ მეორე ტრანშია”? - ჰკითხა მას სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ.

ასევე ნახეთ: სავიზო შეზღუდვები კიდევ 60-მდე ქართველს - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ნაბიჯი

“არ ვიცი, რამდენად ვიტყოდი, რომ ეს მეორეა, რადგან ამას შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ. ურთიერთობათა გადახედვის გამოცხადებისას, თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა გარკვეულ რაოდენობას, მათი ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გადავხედავდით უსაფრთხოების დაფინანსებას და მთლიანად საქართველოს მთავრობისთვისთვის დაფინანსების მიწოდებას. ამის შემდგომ, თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს მთავრობის $95 მილიონით დახმარება. რაც შეეხება შეერთებული შტატების სხვა დახმარებებს, მათი გადახედვა ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა უარი თქვა დაეზუსტებინა, თუ მთავრობის რომელი შტოსთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები, იყო ეს საკანონმდებლო, ანუ განკუთვნილი იმ პარლამენტარებისთვის, ვინც ხმა მისცა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონს, თუ - ვინმე სხვისთვის.

მეთიუ მილერმა ასევე უპასუხა რაუფოღლუს კითხვას, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებულ „ბოდიშზე“ და ბოლო დროს გახშირებულ გზავნილებზე, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

„არ მგონია, რომ საქართველოს ბოდიში ესაჭიროებოდეს იმისთვის, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა, ისევე როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას. რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და აგრძელებს მის უკანონო ოკუპაციას“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე საუბრის დასასრულს.