მილერი: ვთქვით, რომ საქართველოს უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, უწყების ბრიფინგზე შეკითხვაზე პასუხად, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხებოდა შეაჩეროს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულ ნაბიჯებს, როგორც ვაშინგტონი აცხადებდა, შედეგები მოჰყვებოდა.

"ცხადია, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ არის მიღებული და მათ უფრო სათანადოდ შეუძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მე ვიცი, რომ მათ ცხადად თქვეს ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით ცხადად, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა", - თქვა მან.

ასევე ნახეთ: ევროკავშირმა საქართველოსთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება გაყინა

მილერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გამოთქვამს უკმაყოფილებას, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის გარშემო.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით დევნას ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. ამას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ. ეს არის ის მოსაზრება, რომელსაც ჩვენ [ე.წ. აგენტების] კანონის მიღების შესახებ გამოვთქვამდით, რომ ეს იქნებოდა გამოყენებული ლეგიტიმური, დემოკრატიული განსხვავებული აზრის დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის შემაშფოთებელი შაბლონია, რომლის შეცვლისკენაც ჩვენ მათ მოვუწოდებთ".

9 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ბლოკმა, საქართველოსთვის, 30 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაყინა. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ახლა ურთიერთობის „დაბალი წერტილია“.

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ამ დროისთვის, თანხა, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონი ევროა, გაყინულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა ნაბიჯებიც იქნება“.

ასევე ნახეთ: რას ნიშნავს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაუარესება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ბლოკი "ეტაპობრივად შეამცირებს" დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის და სანაცვლოდ გადაინაცვლებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე.

ეს ნაბიჯი არის პირველი პირდაპირი შედეგი, წლების განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუარესებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. უცხოეთის აგენტის კანონი მიიღო.

ამასთან, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო წვრთნები, რომელიც ამ თვეში საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად უნდა გამართულიყო.

მილერმა ასევე ისაუბრა, რუსეთის საგარეო დაზვერვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მოსკოვი ბრალს დებდა შეერთებულ შტატებს მტკიცებულებების გარეშე, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს

ასევე ნახეთ: კრემლი მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს

"ეს სრულიად მცდარია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის სრულებით მცდარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აყენებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. და მე უბრალოდ აღვნიშნავ ამ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელსაც არაკანონიერად აქვს ოკუპირებული საქართველოს 20 პროცენტს, ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ და ამ აბსურდულ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყნის მიმართ", - თქვა მან.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს.