განუსაზღვრელი ვადით გადადებული სამხედრო წვრთნები - მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყო, ეს პენტაგონის პირველი ოფიციალური ნაბიჯია, რომელიც ქვეყანასთან სამხედრო პარტნიორობას ეხება და პირდაპირ მიუთითებს, რომ მიზეზი მმართველი გუნდის მიერ პარტნიორებისთვის „ომში ჩათრევისა“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობის დაბრალებაა. ამერიკა-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობა გამადიდებელი ლუპის ქვეშ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ყველაზე მეტად კი ე.წ. „აგენტების კანონმა“ მოაქცია. შეშფოთება კი იმის თაობაზე, რომ ეს პროცესი სამხედრო თანამშრომლობაზეც მოახდენდა გავლენას, პენტაგონმა, ნატოს სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დაადასტურა.
"ქართული ოცნების” მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო",- ბობ ჰამილტონი
ყოფილი სამხედრო მეთაურები და თავდაცვის საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ სამხედრო მიმართულებით შექმნილი პრობლემები იმის ლოგიკური გაგრძელება და შედეგია, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტი ურთიერთობის გადახედვის საჭიროებაში დაარწმუნა. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ბლოკის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ ქვეყნის გაწევრიანების პროცესი და ასევე გაეყინათ „ევროპის სამშვიდობო ფონდის" ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო.
“თუკი ამცირებ ჩვენი ჩართულობის მასშტაბს, უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს დახმარებას, [ე.ი] ამცირებ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობის ინტენსივობას. მაგრამ, ესაა საქართველოს მთავრობის ქმედებების ფასი, შედეგი“, - ამბობს იან ბჟეზინსკი, თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ევროპისა და ნატოს პოლიტიკის მიმართულებით. „ატლანტიკური საბჭოს“ „უსაფრთხოებისა და სტრატეგიის სკოუკროფტის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური და გასაგებია:
„ამერიკის მთავრობის მოქმედების ლოგიკა ასეთია: თუკი ხელისუფლება არ აპირებს მართლა სცეს პატივი თავისი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს და დგამს ნაბიჯებს, რომლებიც დე-ფაქტო იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ერი კვლავ პუტინის ჩრდილის ქვეშ დააბრუნოს, ნამდვილად ვერ გექნება მოლოდინი, რომ ეფექტიანად გამოიყენონ ამერიკის უსაფრთხოების დახმარება, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად“, - მიიჩნევს ბჟეზინსკი.
თადარიგის პოლკოვნიკი, ბობ ჰამილტონი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მუშაობდა და თავდაცვის სისტემის გამოწვევბსა და შესაძლებლობებს კარგად იცნობს, ამბობს, რომ საქართველოს მმართველი გუნდის მიერ, დასავლური გზიდან გადახვევის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, მისთვის, რამდენიმე წლის წინ უკვე აშკარა იყო. რაც შეეხება თავდაცვის მიმართულებას, მისი აზრით, ეს ცვლილება იქაც ვლინდებოდა, თუმცა ეს გასატარებელი რეფორმების უგულებელყოფაში გამოიხატებოდა.
„ბოლო წლებში ნათელი გახდა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება და ინვესტიცია საქართველოში არ იყო ნაყოფიერი იმ კუთხით, რომ ის გამხდარიყო ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი. რომ ქვეყანას გაეტარებინა ის რეფორმები, რაც აუცილებელია შეერთებული შტატების დახმარებით შექმნილი სამხედრო შესაძლებლობების დამოუკიდებლად შესანარჩუნებლად“, - ამბობს "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის პროგრამის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ომის კოლეჯის პროფესორი.
თადარიგის პოლკოვნიკის აზრით, ამერიკის დახმარების მიმართ საქართველოს მიდგომა პოლიტიკური ცვლილების პარალალურად, განსაკუთრებით კი 2019 წლის ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გახდა თვალშისაცემი.
“თუკი ამცირებ ჩვენი ჩართულობის მასშტაბს, უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს დახმარებას, [ე.ი] ამცირებ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობის ინტენსივობას. მაგრამ, ესაა საქართველოს მთავრობის ქმედებების ფასი, შედეგი",- იან ბჟეზინსკი
„ეს იყო დრო, როდესაც საქართველოს მთავრობამ გავრილოვის ინციდენტის გამო დაასკვნა, რომ დასავლეთი მოწინააღმდეგე იყო, რომ ავტორიტარიზმი, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების შევიწროვება და მმართველობის რუსული მოდელი უნდა აერჩიათ. და როდესაც ხელისუფლების პოლიტიკურმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამ მიდგომამ თავდაცვის სამინისტროშიც შეაღწია“, - ამბობს ჰამილტონი. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ეს არასდროს ყოფილა [საგრძნობი] სამხედრო პერსონალში, ადამიანებში, რომლებსაც სამხედრო ფორმა აცვიათ, - თავდაცვის ძალებში. „მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავდაცვის ძალებს სწორედ თავდაცვის სამინისტრო მართავს და სამხედრო პერსონალს არ აქვს დიდი არჩევანი იმის გარდა, რომ სამინისტროდან მომავალი პოლიტიკის დირექტივა შეასრულოს“, - ამბობს ის.
ჰამილტონი ფიქრობს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღებამ ნათელი გახდა ის პროცესები, რაც მისი აზრით, ქვეყნის მმართველ გუნდში უკვე წლებია, ხდებოდა. და, მისი თქმით, მართალია, ხელისუფლება კვლავ საუბრობდა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილზე, მაგრამ ამისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამდა. განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროში, ინსტიტუციური რეფორმების პასუხისმგებლობის მიმართულებით, რაც ბოლო წლებში ამერიკული წვრთნების პროგრამების ფარგლებში იტვირთა.
მისი აზრით, თუკი მანამდე “ოცნების” ხელისუფლება თითქოს ცდილობდა საქართველო დასავლეთის დედაქალაქების ე.წ. რადარიდან გამქრალიყო, ამ კანონის მიღებით მან გამორჩეული ყურადღება მიიპყრო იმის შესახებ, რაც ჰამილტონის შეფასებით, პოლიტიკური კურსის ცვლილების შედეგი იყო.
მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ ახლანდელი მთავრობის პირობებში ძნელია ამ პოზიციის გამართლება“,- იან ბჟეზინსკი
„სინამდვილეში, ვფიქრობ “ქართული ოცნების” მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო. საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად ესმოდა, რომ დასავლეთის პოლიტიკა სწრაფად არ იცვლება. და სანამ საქართველო არ იყო პრიორიტეტი, “ქართული ოცნების” მთავრობა განაგრძობდა იმის კეთებას, რაც სურდა. ეს კი იყო ავტორიტარული, პრორუსული მიმართულებით მოძრაობა. მაგრამ, დასავლური დახმარება, ათობით და ასობით მილიონი დოლარი განაგრძობდა შედინებას. ასე რომ, ამ სიტუაციაში რამდენიმე წელი გაატარეს და ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა ეს ასობით მილიონი დოლარი, ამერიკისა და დასავლეთის დახმარება, სამხედრო იქნებოდა ეს, ეკონომიკური, თუ განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები... არ იქნებოდა დასავლეთისგან დიდი ყურადღება, რომ არა “უცხოეთის აგენტების” კანონი ამ წლის გაზაფხულზე. ამან უკვე საბოლოოდ მიიპყრო დასავლეთის დედაქალაქებში ხალხის ყურადღება იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს სინამდვილეში საქართველო“, - ხსნის პოლკოვნიკი ჰამილტონი და სამხედრო დახმარების პროგრამების მკვეთრ შემცირებას ვარაუდობს.
ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი კი ამბობს, რომ ახლა, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა. ამიტომ, პირიქით, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების მეტი ჩართულობის დროა, რათა რუსეთმა საქართველოს დასავლეთისგან დაშორება ვერ შეძლოს.
„ჩემი აზრით, კითხვას ასე უნდა ვსვამდეთ: თუკი რუსეთის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გაგრძელდება და გაუარესდება, რას ნიშნავს ეს? რადგან მე მჯერა, რომ ახლა საქართველოში ჩართულია რუსული “ცუდი ფული”, ცუდი რუსები და პოლიტიკა. ვფიქრობ, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს, “რუხი ზონების” ჰიბრიდული გავლენა, რათა საქართველო დასავლეთს დააშოროს და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა დაიბრუნოს“, - ამბობს თადარიგის გენერალი და განმარტავს, რომ ის მიმდინარე პროცესებს ხედავს, როგორც რუსეთის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და დროა დასავლურმა სამყარომაც ამას ასევე შეხედოს.
რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობის სრულად შეწყვეტას და ნატოსთან თანამშრომლობის გაუარესებას, თადარიგის გენერალი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, დახმარების ხელს გაუწვდიან და რუსეთთან მარტოს არ დატოვებენ:
„ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ასე არ მოხდეს. სწორედ საწინააღმდეგოს ვნატრობ. ნატომ, დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა სწორედ ახლა უნდა გაუწოდონ საქართველოს ხელი, რათა დაეხმარონ მას, გაუძლოს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმას“, - ამბობს ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებას „დასანანი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო, მრავალეროვნულ სწავლებები სასარგებლოა, როგორც საქართველოს, ისე - ამერიკის შეერთებული შტატებისა და წვრთნებში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის სურვილი უკვე რამდენჯერმე გამოთქვა. ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ თუკი ვაშინგტონი თბილისს სამხედრო დახმარებას შეუმცირებს, ეს ორივე მხარის ინტერესებს თანაბრად დააზიანებს.
თავდაცვის საკითხების ექსპერტი და პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ ძალიან ნაყოფიერი სამხედრო თანამშრომლობის ისტორიის მიუხედავად, მმართველი გუნდის დღევანდელი პოლიტიკური ნაბიჯები, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აყოვნებს:
„არ მგონია, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობის პირობებში. მისი ახლანდელი პოლიტიკით, კონკრეტულად და ამ ახალი კანონის ჩათვლით, არ მგონია ის აკეთებდეს რაიმე სასარგებლოს რომელიმე [ევროატლანტიკურ] ინსტიტუციაში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებების დასაწინაურებლად“, - ამბობს ბჟეზინსკი.
თავდაცვის საკითხების ამერიკელი ექსპერტები, თბილისის პოზიციებს ნატოს საიუბილეო სამიტის კონტექსტშიც აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გულმხურვალე მხარდამჭერებისთვისაც, ახლა, ამ თემაზე საუბარი რთულია, რადგან ხელისუფლების ნაბიჯები მათ არგუმენტების გარეშე ტოვებს.
„მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ ახლანდელი მთავრობის პირობებში ძნელია ამ პოზიციის გამართლება“, - ამბობს ბჟეზინსკი და დასძენს: „თუმცა ალბათ ქართველების უმეტესობა დამეთანხმება, რომ საქართველოს ჯარსა და ნატოს, საქართველოს ჯარსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ძალიან, ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული იყო, რამაც ასევე გაამყარა საქართველოს სუვერენიტეტი“, - ამბობს ბჟეზინსკი.
„ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ლუკ კოფი ნატოსთან დაახლოების პროცესს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესს ადარებს და ამბობს, რომ როგორც ბრიუსელთან არ იწყება მოლაპარაკებები, ასევე ნაკლები პროგრესია მოსალოდნელი ამ სამიტზე, თუ უახლოეს პერიოდში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დასაახლოებლადაც. მისი აზრით, პარტნიორობის გათვალისწინებით და რთული ურთიერთობის მიუხედავად, კარგია, რომ ქვეყნის წარმომადგენლები სამიტზე მიწვეულნი არიან
"მჯერა, რომ ახლა საქართველოში ჩართულია რუსული “ცუდი ფული”, ცუდი რუსები და პოლიტიკა. ვფიქრობ, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა საქართველო დასავლეთს დააშოროს და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა დაიბრუნოს",- ფილიპ ბრიდლოვი
„საქართველო პარტნიორი ქვეყანაა და მიუხედევად იმისა, რომ არსებობს პრობლემები საქართველოს მთავრობასთან, ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასე რომ, მართებულია, რომ ნატო იწვევს საქართველოს მთავრობას სამიტზე. მაგრამ, არ უნდა ველოდოთ რაიმე მნიშვნელოვანს. ეს ინტერვიუ რომ 10 წლის წინ გვქონოდა, იმის ადვოკატირებაში ვიქნებოდით, რომ საქართველოს მაპ-ი, მიწვევა მიეღო, [დასახულიყო] გზები როგორ დაახლოებოდა საქართველო ნატოს. მაგრამ, ახლა ბევრი რამ ძალიან განსხვავებულადაა“, - ამბობს ლუკ კოფი და ხსნის, რომ ცვლილება „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონთან ერთად, „რუსული სამყაროს“ იდეის მიმართ „სიმპათიით განწყობასაც“ უკავშირდება. “ეს ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ამბობს ის.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა თანდათანობით შეიზღუდება და პირველი სამიზნე ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო გახდება.
"ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო“, - ამბობს ელჩი.
რაც შეეხება ნატოს სამიტს, ის ვაშინგტონში 9-11 ივლისს იმართება და იქ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე იქნება წარმოდგენილი.