ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს


სამშაბათიდან, ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

ნატოს გენერალური მდივანი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე ჟურნალისტს შეხვდა. მათთან საუბრისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრებს მშვიდობა სურთ, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ვლადიმირ პუტინი გაიაზრებს, რომ მას ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია.

"ამ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა. მაგრამ, ეს არ მოიტანს მშვიდობას. ეს ოკუპაციას მოიტანს", - ამბობს სტოლტენბერგი.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მიიღება, იქნება გაძლიერებული ფინანსური და სამხედრო დახმარება და ორმხრივი ხელშეკრულებები უსაფრთხოების კუთხით. იენს სტოლტენბერგმა, რომლისთვისაც ეს ამ პოსტზე ბოლო სამიტი იქნება თქვა, რომ ეს ყველაფერი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ალიანსის ერთობლივი პოზიციის ნაწილია. მისი განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმების საბოლოო ტექსტი ჯერ კიდევ მუშავდება.

გენერალურმა მდივანმა აპრილშივე თქვა, რომ უკრაინა ამ სამიტზე წევრობის მოწვევას არ უნდა ელოდოს, მაგრამ ის ამ წევრობისთვის "ხიდს" მიიღებს. წევრობისკენ ხიდი კი უკრიანისთვის, სავარაუდოდ, ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება.

ერთ-ერთი ნატოს მიერ ერთგვარი სამეთაურო ცენტრის შექმნაა, რომელიც გერმანიაში იქნება და აღმოსავლეთ ევროპისთვის ლოგისტიკური ჰაბი უნდა გახდეს. ის ასევე კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით გაწეულ დახმარებას. იქ 700-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთაც ნატოს სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. სტოლტენბერგის თქმით, ამ ახალმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღმოიფხვრას მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ამა თუ იმ იარაღის მიწოდების თაობაზე განსხვავებული მიდგომების გამო შეფერხებები. მისი თქმით, ამ ცენტრს ძალიან მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი მანდატი ექნება და თითოეული იარაღის მიწოდებაზე, ცალკეული კონსენსუსი საჭირო არ იქნება.

ფინანსური დახმარების დაპირება

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ნატოს წევრი მოკავშირეები, უკრაინას ყოველწლიურად, დაახლოებით, 43 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ. მომავალ სამიტზე ამ დახმარების მოცულობის გაზრდასაც განიხილავენ.

იარაღის დაუყოვნებლივი მიწოდება

სამიტზე, სავარაუდოდ, მოვისმენთ იმასაც, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სხვა იარაღსა და ამუნიციას. მოსალდონელია გადაწყვეტილებები F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესახებაც.

ორმხრივი შეთანხმებები უსაფრთხოების თაობაზე

სამიტის დასაწყისში, ნატოს 20 წევრ სახელმწიფოს უკრაინასთან გაფორმებული ექნება ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებისა და ერთობლივი თავდაცვის გაძლიერების შესახებ.

ურთიერთთავსებადობა

ძალისხმევა კვლავ გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის გასაზრდელად. მათ შორის, სამხედრო წვრთნების, შესყიდვების ფარგლებში და პოლონეთში საწვრთნელი ცენტრის აქტიური გამოყენებით.

სტოლტენბერგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უნგრეთის პოზიციის თაობაზეც უპასუხა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერთან მიღწეული შეთანხმებით, ის უკრაინის დახმარებას წინააღმდეგობას არ გაუწევს. ის არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის დასახმარებლად ახალი სამეთაურო ცენტრის ძალისხმევაში, თუმცა შეასრულებს წევრისთვის არსებულ სხვა ვალდებულებებს და წვლილს საერთო ბიუჯეტშიც შეიტანს.

XS
SM
MD
LG