ორშაბათს, ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქალაქში, სატვირთო მანქანაში 46 გარდაცვლილი მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. ეს, აშშ-მექსიკის საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანის შედეგად, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი ინციდენტია.
სან-ანტონიოს სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, რკინიგზის ლიანდაგის გვერდით მათ იპოვეს „გვამების შტაბელები“ სატვირთო მანქანაში. სავარაუდოდ, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი, გაუწყლოებაა.
ასევე ნახეთ: ტრამპის პერიოდის საიმიგრაციო პროგრამა "დარჩით მექსიკაში" აღდგებადეპარტამენტმა განაცხადა, რომ სატვირთოში აღმოჩენილი სხვა 16 ადამიანი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი, სითბური დარტყმის და გამოფიტვის მიზეზით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხოლო გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანები არ არიან.
სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ეს იყო სატვირთო მისაბმელი-მაცივარი, თუმცა მისი ჰაერის კონდიცირება არ მუშაობდა.
სან-ანტონიოში, რომელიც მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრითაა დაშორებული, ორშაბათს ტემპერატურა, მაღალ ტენიანობასთან ერთად, ცელსიუსით 39.4 გრადუსი იყო.
ქალაქის პოლიციის უფროსმა უილიამ მაკმანუსმა თქვა, რომ პიროვნებამ, რომელიც ახლომდებარე შენობაში მუშაობდა, გაიგონა რომ შველას ითხოვდნენ და სანახავად გავიდა. მან ნახა, რომ მისაბმელის კარი ნაწილობრივ ღია იყო და იქ გარდაცვლილთა გვამები აღმოაჩინა.
პოლიციის უფროსმა თქვა, რომ ეს ინციდენტი, ქალაქში ამ სახის უდიდესი შემთხვევა იყო და მასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს, თუმცა ამ საქმეში მათი როლი ჯერ კიდევ ნათელი არ არის.
აშშ-ის იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების უწყების პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო განყოფილება, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, „ადამიანების კონტრაბანდული გზით გადაყვანის სავარაუდო შემთხვევას“ იძიებს.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მექსიკიდან შეერთებულ შტატებში მიგრანტთა გადასვლების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.