პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, Gare du Nord-ზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, ექვსი ადამიანი დაჭრა. შემთხვევა ოთხშაბათს, 11 იანვარს დილით მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების სწრაფი ჩარევის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციამ მსხვერპლის თავიდან აცილება მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდამსხმელი მოქალაქეებსა და პოლიციას, დილის პიკის საათში დაესხა თავს.
მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი გულმკერდის არეშია დაჭრილი და ჰოსპიტალში, „სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“. მინისტრმა სამართალდამცავებს, „ეფექტური და გაბედული რეაგირებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
„ძალიან სწრაფი ჩარევის გარეშე, მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა“, - ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი „არა დანით“, არამედ ხელნაკეთი იარაღით მოქმედებდა.
გამოძიებას ექსტრემისტულ ჯგუფებთან თავდამსხმელის რაიმე სახის კავშირი ჯერ არ გამოუვლენია. საგამოძიებო უწყებები ჯერჯერობით ასევე არ საუბრობენ თავდამსხმელის შესაძლო მოტივებზე.