ესპანეთმა იტალიიდან პირდაპირ ფრენებზე და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა გააუქმა, მაგრამ საკრუიზო გემების შეზღუდვა და ქვეყანაში შემომსვლელ მოგზაურებზე კარანტინი ძალაში დატოვა. იმ დროს, როდესაც გამოკვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის აფეთქებამ ადგილობრივების მოგზაურობაც შეწყვიტა.
“კოვიდ-19”- ით გამოწვეული გარდაცვალებების დონის შემცირებამ ესპანეთს, ინფიცირების მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მყოფ ქვეყანას, უბიძგა იმისკენ, რომ ევროპაში ყველაზე მკაცრი კარანტინის ზომების შემსუბუქება დაეწყო.
თუმცა, ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკის ქვეყანას, დამსვენებლების დაბრუნებისთვის დალოდება,სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე მოუწევს.
გასულ კვირაში ორკვირიანი კარანტინის დაწესებით, მადრიდმა თავისი ევროპელი პარტნიორები გააოცა. იტალიიდან ფრენები 11 მარტიდან იყო შეჩერებული.
პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ემზადება პარლამენტს სთხოვოს, რომ ივნისის ბოლომდე გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც ინფექციები შეზღუდა, მაგრამ საზღვრებზე და გადაადგილებაზე უმაგალითო შეზღუდვები მოიტანა და უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია.
ესპანეთის ბანკის პროგნოზით, შესაძლოა 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5-12.4 პროცენტით შემცირდეს.
მთავრობის სოციოლოგიური კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ესპანელებისთვის პანდემია ყველაზე დიდ თავისტკივილად იქცა და გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, მათი უმრავლესობა ჩვევების შეცვლას გეგმავს.
გამოკითხულთა მხოლოდ 14 პროცენტმა თქვა, რომ შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავს. დიდფასიანი ყიდვები შეჩერებულია - ახალი მანქანის და სახლის ყიდვას, გამოკითხულთა მხოლოდ 4.2 პროცენტი ფიქრობს.
ბარებს და რესტორნებს მოუწევთ როგორმე დაიბრუნონ ადამიანების 30 პროცენტი, რომლებმაც თქვეს, რომ ურჩევნიათ სახლის გარეთ არ ისადილონ.
კვლევამ აჩვენა, რომ ესპანელთა 48.4 პროცენტი მთავრობას არ ენდობა, თუმცა 75 პროცენტს სურს, რომ კრიტიკა დროებით გვერდზე გადასდოს და ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს.