კორონავირუსის ახალი შემთხვევების იმპორტის თავიდან აცილების მიზნით, ესპანეთი უცხოეთიდან ქვეყანაში ჩასულ პირებს ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გაამწესებს.
ქვეყანამ დაიწყო შვიდ კვირიანი მკაცრი კარანტინიდან გამოსვლა, რომელიც დაავადების შემთხვევების იმ აფეთქების შემდეგ დაწესდა, რომელმაც ესპანეთი მსოფლიოში “კოვიდ-19”-ის ცხელ წერტილად აქცია.
ჯანდაცვის სამინისტროს, სამშაბათს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ კარანტინის წესები ძალაში პარასკევს შევა და შეეხება როგორც ესპანეთში შემსვლელ უცხოელებს, ასევე ესპანეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.
14 დღის განმავლობაში, ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ სურსათის შესაძენად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად შეეძლებათ.
ჩინეთმა მსგავს სტრატეგიას მაშინ მიმართა, როდესაც დაავადების ადგილობრივად გადაცემის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო და ხელისუფლებამ კარანტინის წესების შემსუბუქება დაიწყო.
ამჟამად, მთელ მსოფლიოში, მთავრობები საკუთარი სტრატეგიების შეფასებას ახდენენ და ცდილობენ გადაწყვიტონ, ვირუსის გავრცელების შესაწყვეტად ახალი ზომები შემოიღონ, თუ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების ზოგიერთი ნაწილის დაბრუნების საშუალება მისცენ.
სამშაბათს, სინგაპურში გახსნის ახალი ფაზა დაიწყო და ადამიანებს თმის შსაეჭრელად, საფუნთუშეში ან სამრეცხაოში გასვლის უფლება მიეცა.
ინდოეთი, მარტის შემდეგ პირველად, სარკინიგზო მიმოსვლას ნაწილობრივ აღადგენს. მგზავრებმა სხეულის სიცხის გაზომვა უნდა გაიარონ და სოციალური დისტანცირების წესები დაიცვან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, კარანტინის გაუქმებამდე დრწმუნდნენ, რომ პანდემია კონტროლს ექვემდებარება.
Facebook Forum