რუსეთს და კატალონიელ სეპარატისტებს შორის კავშირი დადასტურდა

ესპანეთში, კატალონიელ სეპარატისტებსა და რუსეთს შორის, სავარაუდო კავშირების შესახებ გამოძიება დასრულდა. ესპანეთის ოფიციალური საგამოძიებო დასკვნა ამბობს, რომ 2017 წელს, რუსეთი სამხედრო დახმარებას სთავაზობდა კატალონიელ სეპარატისტებს.

ეს მხოლოდ ერთი ნაწილია მასშტაბური გამოძიებისა, რომლის დაწყების ნებართვაც ბარსელონაში, მოსამართლემ გასცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნამდვილად არსებობდა კავშირები კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობასა და რუსულ სადეზინფორმაციო კამპანიას შორის, რომელიც ევროპაში დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება.

ესპანეთის პოლიციამ, ოთხშაბათს, 21 ეჭვმიტანილი დააკავა ბარსელონაში. მათი დაკავების ბრძანება მოსამართლე ხოაკინ აგირემ გასცა. დაკავებულთაგან სამი, ძალიან ახლოს იყო კატალონიის პრეზიდენტ კარლეს პიგდემონტთან, რომელმაც ესპანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარება ვერ მოხერხდა.

ასევე ნახეთ: მადრიდი კარანტინის ზომებს პარასკევიდან გაამკაცრებს

გამოძიების მიერ, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებიდან, ერთ-ერთში ჩანს, რომ რუსი აგენტები კატალონიის პრეზიდენტს სთავაზობდნენ 10,000 ჯარისკაცის გაგზავნას და თეორიულ სამხედრო კონფლიქტში დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, ეს შეთავაზება რეალობად არასდროს ქცეულა.

"რუსული ჩარევა, როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგია, იყო ფაქტი, 2017 წლის შემოდგომაზე, როდესაც [რუსები] ავრცელებდნენ ყალბ ახალ ამბებს და დეზინფორმაციას", თქვა მოსამართლე აგირემ სასამართლო პროცესზე და გამოძიების დოკუმენტებზე დაყრდნობით.

ესპანეთის მთავრობამ, რუსეთი 2017 წელსვე დაადანაშაულა კატალონიის კონფლიქტში ჩარევაში, თუმცა, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მაშინ ეს ბრალდებები უარყვეს.