ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და ბაიდენი ამომრჩევლის ხმებისთვის მერყევ შტატებში იბრძვიან


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე და ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ე.წ. მერყევ შტატებში ამომრჩევლებს ხვდებიან. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში სამშაბათს, 3 ნოემბერს გაიმართება.

ტრამპი პარასკევს რამდენიმე შეხვედრას გამართავს მიჩიგანის, უისკონსინისა და მინესოტის შტატებში. ბაიდენი ასევე ეწვევა მინესოტას და ვისკონსინს და შეხვედრებს გამართავს აიოვაშიც. ეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ყველაზე დატვირთული დღე იქნება.

მიჩიგანი და უისკონსინი - პენსილვანიასთან ერთად - ისტორიულად დემოკრატიული ინდუსტრიული შტატებია, რომლებმაც 2016 წლის არჩევნებში მცირე უპირატესობით რესპუბლიკურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს დაუჭირეს მხარი, რის შედეგადაც ტრამპმა არჩევნებში გამარჯვება შეძლო.

მინესოტას საპრეზიდენტო არჩევნებში 1972 წლის შემდეგ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხმა არ მიუცია. ტრამპი ცდილობს ეს ტენდენცია შეცვალოს და შტატის მოსახლეობა მის მხარდაჭერაში დაიყოლიოს.

ბაიდენი, მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - კამალა ჰარისი - და მათი მეუღლეები, ორშაბათს, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, პენსილვანიაში ჩავლენ და თითოეული მათგანი შტატის რამდენიმე ქალაქში ჩაატარებს ამომრჩეველთან შეხვედრას. პენსილვანია თითქმის თანაბრადაა დაყოფილი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ამ არჩევნებში პენსილვანიაში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ექნება საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის.

ერთის მხრივ პანდემიის და მეორეს მხრივ, მაღალი ენთუზიაზმის გამო, შეერთებულ შტატების დაახლოებით 82 მილიონმა მოქალაქემ ფოსტით, ან ფიზიკურად მისვლით, უკვე დააფიქსირა საკუთარი ხმა.

იმის გამო, რომ სხვადასხვა შტატში ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლისთვის სხვადასხვა ვადები არსებობს, ზოგ შემთხვევაში - მაგალითად პენსილვანიასა და ვისკონსინში - ხმების ბოლომდე დათვლა შესაძლოა 3 ნოერმბერს ვერ დასრულდეს და პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG