მანდელას სიდიადე მოგონებებში

სამხრეთ აფრიკული რადიო სადგურების პირდაპირ ეთერში მოსახლეობა რეკავს და მანდელას შესახებ მოგონებებს ყვება

Your browser doesn’t support HTML5

სახალხო გმირი


სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას გარდაცვალების შემდეგ რადიო სადგურების ღია ეთერში, გადაცემების მსვლელობის დროს მოსახლეობა ტელეფონით უკავშირდება სტუდიას და ნელსონ მანდელას შესახებ თავის მოგონებებს უყვება აუდიტორიას. მათ, ვისაც მანდელასთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა ცხოვრებაში, ამბობს, რომ მანდელა იყო ადამიანი, რომელმაც, მთელი თავის დრო და ენერგია ხალხთან ურთიერთობას მოანდომა. პიტერ კოქსი იოჰანესბურგიდან სამხრეთ აფრიკელი ადამიანების მანდელასთან შეხვედრის შესახებ მოგონებებზე მოგვითხრობს.

1990 წელს კარლ სოდერბერგმა იურიდიული სკოლა დაამთავრა და სამსახური ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში დაიწყო.

კარლ სოდერბერგი: მე ვაშინგტონში მოგზაურობის საორგანიზაციო საკითხები მქონდა ჩაბარებული. ამის გამო ვაშინგტონში მდებარე ჯონ კენედის სახელობის სტადიონზე ვიმყოფებოდი, სადაც ნელსონ მანდელა გამოვიდა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სულ ცოტა ხნის წინ მქონდა დამთავრებული იურიდიული სკოლა და ეს მოგონება მე მთელი ცხოვრება გამყვა.

სოდერბერგი ახლა სტოკჰოლმში ცხოვრობს. მანდელას გარდაცვალების ამბავი მან ქალაქში, იურისტების კონფერენციაზე შეიტყო. პარასკევს, როდესაც შვედეთიდან სამხრეთ აფრიკაში დაბრუნდა, აეროპორტის გზაზე გადაწყვიტა პრეტორიის გაერთიანებული კავშირის შენობაში შეევლო, იქ სადაც სამხრეთ აფრიკის მთავრობაა განთავსებული და მანდელას ხსოვნის წიგნში თავის ჩანაწერი გააკეთებინა.

სოდერბერგი იხსენებს, რომ აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთან შეხვედრა მისი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტად 24 წლის შემდეგ ისევ რჩება.

კარლ სოდერბერგი: მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ მანდელა ჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრის დროს ძალიან ყურადღებიანი იყო. ჩვენ ძალიან დიდ რიგში ვიდექით. ის თითოეულ ადამიანთან მიდიოდა, ჩერდებოდა და ყველას დროს უთმობდა. ასეთი დამოკიდებულება მისი მხრიდან მართლა ძალიან დასაფასებელი იყო. თავის ცხოვრების მანძილზე ის უდავოდ ათასობით ადამიანს შეხვდა და ესაუბრა. თითქმის აღარ მახსოვს რა ვუთხარი მას, თუმცა ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვებით ის მოიხიბლა და იღიმებოდა. როგორც აღვნიშნე, ეს მოგონება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეხვედრა ყოველთვის მემახსოვრება.

ხუთშაბათიდან, სამხრეთ აფრიკის რადიო სადგურ „702-ში“ უკვე ასობით მსმენელის ზარი შევიდა. რეკავენ არა მხოლოდ ისინი, ვინც პირადად შეხვედრია მანდელას, არამედ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც პატივს სცემდნენ მას. ბევრისთვის, ამ ისტორიულ პიროვნებასთან გარკვეული კონტაქტი მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ნელსონ მანდელა ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო საკუთარი დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ ხალხთან მისულიყო და გასაუბრებოდა. მისმა წარსულმა ცხოვრებამ - სამხრეთ აფრიკულ სოფელში გაზრდამ, შემდეგ იოჰანესბურგში ჩასვლამ და დაბალი კვალიფიკაციის მუშის რანგში მუშაობამ, პატიმრად ყოფნის მრავალმა წელმა და შემდეგ მსოფლიო დონის პოლიტიკოსის სახელის მოპოვებამ მას საშუალება მისცა თავისი ცხოვრების მანძილზე ყველანაირი სფეროს წარმომადგენლებს შეხვედროდა.

34 წლის დესმონდ ჯინსიგა, პრეტორიიდან, იმ ოჯახში აღიზარდა, რომელიც მანდელას ღვაწლს დიდ პატივს სცემს. მამამისი, პედაგოგად მუშაობდა და პარალელურად პოლიტიკური აქტივისტიც იყო. სწორედ მან მოუთხრო დესმონდს მისი ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ. მათ ნელსონ მანდელასთან განსაკუთრებული პატივისცემა აკავშირებთ, რადგან საერთო ეთნიკური ჯგუფის, ხოსას წარმომადგენლები არიან.

ჯინგისა ათი წლის იყო, როდესაც მანდელა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას ეს მოვლენა კარგად ახსოვს. ის ტელევიზორს უყურებდა და ოჯახის წევრებთან ერთად მასზე საუბრობდა.

დესმონდ ჯინგისა: მე მქონდა პატივი მას პირადად შევხვედროდი 1993 წელს, როდესაც ის აფრიკის ეროვნული კონგრესის კამპანიაში იყო ჩაბმული. ეს პოლიტიკური კამპანია იყო. ის ხალხს მიმართავდა, რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეღოთ. ხალხს საარჩევნო რეგისტრაცია უნდა გაევლო. ამომრჩვლებს აფრიკის ეროვნული კონგრესისთვის უნდა დაეჭირათ მხარი. ეს სამხრეთ აფრიკის ისტორიაში პირველი მოვლენა იყო. სხვა ამ ფაქტით აღტაცებულ ბავშვს შორის მეც ვიყავი.

თუმცა მას იმ დღეს მანდელასთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია.

დესმონდ ჯინგისა: მაშინ მე 14 წლის ვიყავი და არჩევნებში მონაწილეობა არ შემეძლო. ერთადერთი რაც მახსოვს, ის იყო რომ ბავშვები ვიყავით და მასთან შეხება გვინდოდა, თუმცა სამწუხაროდ მე მაშინ ამის საშუალება არ მქონდა. ამის მერე მე მასთან ასე პირისპირ შეხვედრის მომენტი აღარ მქონია. თუმცა მე მოვახერხე რომ ის ახლოდან მენახა. ეს არის ყველაზე თბილი მოგონება მის შესახებ, რომელიც მე შემომრჩა.

23 წლის საიმონ დელმონტი, რომელიც უკვე ოთხი წელია იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, მანდელას დაწყებით სკოლაში სწავლის დროს, იოჰანესბურგში შეხვდა. ის სკოლაში პრეზიდენტის შვილიშვილებთან ერთად სწავლობდა. იქ სწავლის დროს, მანდელა სამჯერ მივიდა სასწავლებელში და დელმონტმა მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

საიმონ დელმონტი: ის მე მომეხვია. ძალიან პატარა ვიყავი მაგ დროს, ფოტოშიც ჩანს. ბევრი არაფერი მახსოვს. უბრალოდ არ მავიწყდება ის ,რომ ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. მართლაც არაჩვეულებრივი დრო იყო.

სამხრეთ აფრიკის მთელს ტერიტორიაზე კვირას ნელსონ მანდელას და მისი ოჯახის ხსოვნის საპატივცემულოდ ლოცვა გაიმართა. სამშაბათს, სობეტოს საფეხბურთო სტადიონზე დანიშნულ სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლას უამრავი ადამიანი გეგმავს.