სამხრეთ აფრიკამ ითხოვა, რომ ჰააგის საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ „ჰამასთან“ ომში ისრაელის სავარაუდო ომის დანაშაულები გამოიძიოს.
პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ ეს განცხადება კატარში სახელმწიფო ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც მან თქვა, რომ ქვეყნის მმართველთან ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა.
რამაფოსამ თქვა, რომ სამხრეთ აფრიკა არ ამართლებს „ჰამასის“ ქმედებებს, რომელიც გასულ თვეში ისრაელს თავს დაესხა, 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა და 240 მძევალი აიყვანა, მაგრამ გააკრიტიკა ისრაელის პასუხი და ამბობს, რომ ღაზის ალყაშემორტყმულ საავადმყოფოებში ადამიანები „ბუზებივით იხოცებიან“.
ასევე ნახეთ: სამხრეთ აფრიკა პუტინის ვიზიტამდე ICC-ის დატოვებას აღარ აპირებსსამხრეთ აფრიკა პალესტინელების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საერთაშორისო მხარდამჭერია. ქვეყნის მმართველი პარტია - აფრიკული ეროვნული კონგრესი, სამხრეთ აფრიკის შავკანიანების რასისტულ თეთრ აპარტეიდულ რეჟიმთან ბრძოლას, ხშირად ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ადარებს. პარტიის პრეს-მდივანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მმართველი პარტია შეუერთდება საპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებას, პრეტორიაში ისრაელის საელჩო დაიხუროს.
სამხრეთ აფრიკის ქალაქებში დიდი პრო-პალესტინური პროტესტები გაიმართა და ასევე გაიმართა უფრო მცირე პრო-ისრაელური მარში, რომელიც მოპირისპირე პროტესტის მონაწილეებმა ჩაშალეს.
სამხრეთ აფრიკის ებრაული თემის წარმომადგენელი ჯგუფი ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ანტისემიტიზმი მასიურად გაიზარდა.