ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა პუტინის ვიზიტამდე ICC-ის დატოვებას აღარ აპირებს


სირილ რამაფოსა და ვლადიმირ პუტინი. ბრაზილია, 14 ნოემბერი, 2019 წ.
სირილ რამაფოსა და ვლადიმირ პუტინი. ბრაზილია, 14 ნოემბერი, 2019 წ.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ უარს არ იტყვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე არსებულ ვალდებულებებზე. 25 აპრილს პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი აფრიკული ნაციონალური კონგრესის გადაწყვეტილებით, ქვეყანა დატოვებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

„დიახ, მმართველი პარტია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ICC-დან სამხრეთ აფრიკის გასვლა გონივრული ნაბიჯი იქნება“, - თქვა რამაფოსამ პრესკონფერენციაზე. თუმცა ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისმა ეს განცხადება უარყო და თქვა, რომ ქვეყანა არ აპირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლას.

ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში ვლადიმირ პუტინის დაგეგმილმა ვიზიტმა გამოიწვია. სულ რამდენიმე თვეში სირილ რამაფოსამ რუსეთის პრეზიდენტს უნდა უმასპინძლოს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კი ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნებს, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება მოახდინეს, მისი დაპატიმრების ვალდებულება აქვთ. მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (ასევე ცნობილია, როგორც რომის სტატუტი) არის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაფუძნდა.

გუშინ გავრცელებული ცნობის შემდეგ, ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისმა ამ განცხადებას უკვე "შეცდომა" უწოდა:

"სამხრეთ აფრიკა რჩება ICC-ის ხელმომწერ სახელმწიფოდ, აფრიკული ნაციონალური კონგრესის 55-ე რეზოლუციის თანახმად, რომელიც 2022 წლის დეკემბერში იქნა მიღებული... დეკემბრის რეზოლუცია დამტკიცდა აფრიკული ნაციონალური კონგრესის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 21-24 აპრილს გაიმართა", - ნათქვამია რამაფოსას ოფისის განცხადებაში.

პუტინი სამხრეთ აფრიკაში ჩასვლას აგვისტოში გეგმავს. ის უნდა დაესწროს BRICS-ის ჯგუფის ეკონომიკურ საკითხებზე დაგეგმილ მორიგ კონფერენციას. აბრევიატურა ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ერთობლიობას ნიშნავს.

პრეტორიას მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს. სამხრეთ აფრიკამ არ დაგმო უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და ამბობს, რომ კონფლიქტში მიუმხრობლობის პოლიტიკას ამჯობინებს. მაგრამ, როგორც ICC-ის წევრი ქვეყანა, სამხრეთ აფრიკა ვალდებული გახდება, იქ ჩასვლის შემთხვევაში, დააკავოს ვლადიმირ პუტინი, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი უკვე გასცა. რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულებში, მათ შორის ბავშვების უკანონო, იძულებით დეპორტაციაში ედება ბრალი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პუტინს უცხოეთში აღარ უმოგზაურია. მანამდეც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტით მხოლოდ ირანში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG