სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებულ თხუთმეტ ქართველ და სამ თურქ მეზღვაურს ტყვეობაში ყოფნა კიდევ, მინიმუმ ერთი თვე მოუწევთ.
ინდოეთის ქალაქ ალანგში მიმავალი ტანკერი „ოლიბ ჯი“, ადენის სრუტეში მეკობრეებმა 8 სექტემბერს დააკავეს და გამოსასყიდის სახით, 15 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს.
გემთფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“, საბერძნეთის სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, თვეზე მეტია მეკობრეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა უშედეგოდ.
ცნობილი ხდება, რომ გემის მფლობელს გამოსასყიდის შესაგროვებლად კიდევ ერთი თვე სჭირდება. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ სერგო დევაძემ უთხრა, საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ მეპატრონემ, რომელმაც დაასაქმა გემზე ქართველი მეზღვაურები.
„ელოდებიან გემთმფლობელი როდის გამოვა კიდე ხაზზე, რომ განაახლონ მოლაპარაკებები თანხის გადახდის შესახებ. ბერძნები თანხებს იძიებენ, იძახიან, რომ მინიმუმ ერთი თვე კიდე დაგვჭირდებაო. ალბათ, გადაიხდიან, ამ გამოსასყიდ თანხას, მაგრამ, რამდენს გადაიხდიან, როგორ წავა მოლაპარაკებები, ეს კონფიდენციალური ამბავია და ჩვენ არაფერს გვეუბნებიან.“
დატყვევებული ქართველები წარმოშობით აჭარიდან არიან. „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა მძევალთა ზუსტი სია: კაპიტანი მემედ ზაქარაძე, მისი თანაშემწეები: შალვა ვერძაძე და დავით დევაძე, მთავარი მექანიკოსი თემურ ბედინაძე, მისი თანაშემწეები ზურაბ შერვაშიძე და გიორგი სირაძე; ელექტრიკოსი ჯაბა კაჭარავა, კოკი თემურ მახარაძე და ასევე მეზღვაურები: ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ პართენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე და გენადი ტიმოფეევი.
მათგან ყველაზე მხცოვანი 62 წლის კაპიტანი ზაქარაძეა, ყველაზე ახალგაზრდა კი კაპიტნის თანაშემწე 24 წლის დევაძე. ბათუმელი იზოლდა ბოლქვაძე ამბობს, რომ ბოლო სატელეფონო საუბრისას, მისმა დისშვილმა თემურ ვარშანიძემ უთხრა, რომ მეკობრეების დატყვებულებს სასტიკად ექცევიან
„ფსიქოლოგიური და მორალური ზეწელა ხდება მეზღვაურებზე. რა თქმა უნდა შეიარაღებული მეკობრეების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.“
ბოლო ინფორმაციით, მეკობრეებმა გემს ადგილი შეუცვალეს და საანაგის სანაპიროდან უფრო შიგნით, პუნტლენდის სანაპიროსკენ გადაინაცვლეს. ეს, სომალის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი არაღიარებული სეპარატისტული ანკლავია. გემზე კვირაზე მეტია, რაც ამოიწურა სურსათისა და სასმელი წყლის მარაგი. ქართველები მხოლოდ მეკობრეთა კეთილგანწყობის იმედზე არიან დარჩენილები. სერგო დევაძე ამბობს
„საჭმელი და სასმელი გაუთავდათ. მაგრამ რაღაც რაღაცეებს ეს მეკობრეები აწვდიან, ისე, რომ მშივრები არ იყვნენ და არ მოკვდნენ შიმშილით. გემზე თავისუფალი გადაადგილების უფლება არ აქვთ. ჯაჭვებით ჰყავთ დაბმული ეკიპაჟი ერთ ოთახში. თუ სადმე გასვლა უწევთ, მიჰყვება შეიარაღებული მეკობრე.
ფიზიკური ძალადობა, ღმერთს მადლობა არ არის, მაგრამ კარგად არ ეპყრობიან ნამდვილად. ჯანმრთელობის მხრივ, ჯერჯერობით ყველა კარგად არის, მაგრამ ნერვული სტრესია დიდი, იქ ხანშიშესული ადამიანებიც არიან ახალგაზრდებიც, და ყველა გაუძლებს ასეთ ამბავს?“
ტანკერ „ოლიბ ჯის“ ეკიპაჟის გათავისუფლებაში აქტიურად არის ჩაბმული თურქეთის სახელმწიფო. გემზე თურქეთის სამი მოქალაქე იაკუბ ოზთურქი, ფუათ ოზჩელიქი და მუსტაფა არიცოღლუ იმყოფებიან.
თურქული პრესის ცნობით, რომელიც დეტალურად აშუქებს სომალიში მიმდინარე დრამას, ოფიციალური ანკარა მზად არის, საკუთარი მოქალაქეების გამოსახსნელად გემთმფლობელს ფინანსურადაც დაეხმაროს. საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე კი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მაინც მეკობრეებსა და გემთფლობელს შორის მოლაპარაკება იქნება
„ ქართული სახელმწიფო ჩარეულია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საკითხი მაინც მეკობრეებსა და გემთფლობელს შორის უნდა გადაწყდეს.
აქ არის თანხაზე საუბარი. ჯერ ზუსტად არავინ იცის ზუსტად რამდენი იქნება გადასახდელი. მე მაინც ვფიქრობ, რომ დიდი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს გემი ამორტიზირებული გემია და გემი მიჰყავდათ ჯართში ჩასაბარებლად.“
კვირის დასაწყისში, სომალიში დატყვევებული ქართველების პრობლემას პირველად შეეხო საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი მანანა მანჯგალაძე. მან, თქვა, რომ პრეზიდენტი მოლაპარაკების ყველა დეტალის საქმის კურსშია და მძევალთა განთავისუფლება სამხედრო გზით არ იგეგმება.
სპეცოპერაციის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან მძევალთა ოჯახის წევრებიც. სერგო დევაძე, რომლის შვილიც ასევე დატყვევებულია, ამბობს
„მე უარყოფითად ვუყურებ ამ ამბავს, სამხედრო ჩარევა კარგად არ დასრულდება, უსისხლოდ ნამდვილად არ დასრულდება. ერთი ორი თვის უკან ინდოელების გემი იყო ეგრე დატყვევებული მეკობრეების მიერ და ინდოეთმა გამოაგზავნა თავისი სპეცნაზი და შეტაკება დიდი მსხვერპლით დასრულდა. აზრი არ აქვს ასეთ ჩარევას.“
საინტერესოა, უკვე ორმა ქართველმა მძევალმა აღნიშნა დაბადების დღე ტყვეობაში, სომალის სანაპიროსთან. 24 სექტემბერს 30 წლის გახდა ჯიმშერ ასანიძე, დღეს კი 31 წელი შეუსრულდა, უფროსი მექანიკოსის მესამე თანაშემწეს გიორგი სირაძეს.