"ქართული ოცნება" პრემიერობის კანდიდატს ხვალ დაასახელებს

"ქართული ოცნება" საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს ხვალ წარადგენს. აღნიშნულზე განცხადება საგანგებო პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება კანდიდატურის განხილვა და შემდეგ მას საზოგადოებას წარუდგენენ.

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას გადადგომა შეაფასა როგორც "სამწუხარო" და აღნიშნა, რომ მას გუნდისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.

"სამწუხაროა რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მას ნამდვილად ჰქონდა მელიას საქმეზე გუნდისგან განსხვავებული პოზიციები. თუმცა გახარიას არ ჰქონდა არგუმენტები რომელიც მის პოზიციას ამყარებდა,"- ამბობს კობახიძე.

ასევე ნახეთ: გიორგი გახარიამ პრემიერობის 1 წლისა და 5 თვის თავზე თანამდებობა დატოვა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ნიკა მელიასაც მიმართა. კობახიძე მოუწოდებს, რომ ნიკა მელია დაემორჩილოს კანონს და ჩაბარდეს სამართალდამცავებს. აქვე კობახიძე დასძენს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გადაევადებინა მელიას დაკავება, სწორი იყო.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა დროებით გადადგო დაგეგმილი ოპერაცია. ახლა ჩვენი გუნდი მთლიან ყურადღებას გადაიტანს მთავრობის შემადგენლობის ახალ ფორმირებაზე. უმოკლეს ვადებში დავამტკიცებთ ახალ მთავრობას ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ "ქართული ოცნების" პრესკონფერეციამდე ერთი საათით ადრე განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მელიას დაკავების საკითხს.

ასევე ნახეთ: "დღევანდელი გადაწყვეტილება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- სენატორი რიში მელიას საქმეზე

"ეს გახლავთ ადამიანი რომელიც 20 ივნისს პარლამენტის შტურმისკენ მოქალაქეებს მოუწოდებდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ურყევი პოზიციააა, რომ ერთი ადამიანის მიმართ კანონიერი მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს არის მიუღებელი. ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, რეგიონულ კრიზისს და ჩვენ ყველანი რაც მთავარია პოლარიზაციას ვებრძვით, ასეთი სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს მაშინ როცა გადაზღვეული იქნება რისკები და არ შეიქმნება ესკალაცია ქვეყანაში", - განაცხადა გახარიამ.

მან, კობახიძის მსგავსად, გადადგომის მიზეზად "ქართული ოცნების" შიგნით აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითა.

ყველაფერი კი 17 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიწყო, როცა ღამის 10 საათზე მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე ნახეთ: ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან - ამერიკის საელჩო

მალევე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში. პირველი განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩომ მელიას განაჩენიდან ცოტა ხანში გააკეთა და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - ნათქვამი იყო თავდაპირველ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: "ამ განაჩენით ყველა გაგვასამართლეს, ვინც ისტორიის სწორ მხარეს დგას" - ნიკა მელია

დღეს დილით კი საელჩო მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. საელჩოს მეორე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მელიას გარშემო განვითარებული მოვლენები სასამართლო და საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემებითაა გამოწველი.

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - აცხადებს საელჩო.

მომხდართან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" წერილობითი კომენტარი გააკეთა ასევე სენატორმა ჯიმ რიშმა. რიშს 116-ე კონგრესში, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 117-ე კონგრესში, 9 თებერვლის შემდეგ, ის კომიტეტის რესპუბლიკელი ლიდერია.

ასევე ნახეთ: სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა 

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი.