ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან - ამერიკის საელჩო


აშშ საელჩო
აშშ საელჩო

ამერიკის საელჩო თბილისში მორიგ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეინარჩუნონ სიმშვიდე.

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით.

არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა,"- წერია განცხადებაში რომელიც, რამდენიმე წუთის წინ თბილისში ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა.

საელჩომ პირველი განცხადება 17 თებერვალს ღამის 11 საათისთვის გააკეთა, მაშინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება 5 საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ სამართალდამცავებს, როცა ისინი ნიკა მელიას დაკავებას ეცდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სასამართლო გადაწვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე საუბრობს და მოუწოდებს ადგილზე მყოფებს, დაემორჩილონ კანონს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG