გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
გახარია მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას 529 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მან თანამდებობა 2019 წლის 8 სექტემბერს დაიკავა.
"ეს გახლავთ ადამიანი რომელიც 20 ივნისს პარლამენტის შტურმისკენ მოქალაქეებს მოუწოდებდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ურყევი პოზიციააა, რომ ერთი ადამიანის მიმართ კანონიერი მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს არის მიუღებელი. ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, რეგიონულ კრიზისს და ჩვენ ყველანი რაც მთავარია პოლარიზაციას ვებრძვით, ასეთი სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს მაშინ როცა გადაზღვეული იქნება რისკები და არ შეიქმნება ესკალაცია ქვეყანაში", - განაცხადა გახარიამ.
მან გადადგომის მიზეზად "ქართული ოცნების" შიგნით აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითა.
"იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განცხადების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო გადაწვეტილების აღსრულება დროებით გადაიდო.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო,"- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი გახარია 2019 წლამდე არაერთ თანამდებობას იკავებდა საქართველოს მთავრობაში.
მისი პოლიტიკური კარიერა 2013 წლის მარტიდან დაიწყო, როცა საქართველოს ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2017 წლის 13 ნოემბერს გახარია დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. ხოლო 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
Facebook Forum