მთავრობის ნაწილის დახურვა ტურიზმზეც მოქმედებს

ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა უკვე კვირაზე მეტია გაჩერებულია. სამთავრობო უწყებების გარდა, ეს პროცესი ისეთ დაწესებულებებსაც ეხება, როგორებიცაა მუზეუმები, ეროვნული პარკები, გალერეები, ეროვნული არქივი და ასე შემდეგ. ვაშინგტონში არაერთი ცნობილი მუზეუმია, რომელსაც სადღესასწაულო პერიოდში განსკაუთრებით ბევრი ადამიანი სტუმრობს.

ამ კვირის განმავლობაში მუზეუმებისა და პარკების ნაწილი ამ დრომდე გამოუყენებელი რეზერვების, აქამდე დაუხარჯავი თანხის ნაწილს იყენებდა იმისათვის, რომ ფუნქციონირება გაეგრძელებინა, მაგრამ სავარაუდოდ ეს თანხები მომავალი კვირის შუა რიცხვებში ამოიწურება. იგივე მდგომარეობაშია ვაშინგტონში მდებარე ეროვნული ზოოპარკი და ეროვნულ მოლთან მდებარე პოპულარული ყინულის მოედანი.

ეს ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი მანამდე პრეზიდენტი ტრამპი და დემოკრატი კანონმდებლები ბიუჯეტის კომპრომისულ ვარიანტზე არ შეთანხმდებიან. პრეზიდენტი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხას ითხოვს, დემოკრატები კი მის მიერ მოთხოვილი 5 მილიარდის ნაცვლად, მხოლოდ 1.3 მლრდ-ის მიცემაზე არიან თანახმა, ისიც არა მხოლოდ კედლის ასაშენებლად, არამედ სასაზღვრო უსაფრთხოების დასაფინანსებლად. დემოკრატების აზრით, კედელი არარაციონალური იდეაა და ის დაფინანსებას არ იმსახურებს, პრეზიდენტი ტრამპი კი მეორე მხრივ, თავისი უმთავრესი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობს.

"სმითსონის ინსტიტუტმა", რომელიც ამერიკის 45 შტატში 200-მდე მუზეუმსა და კვლევით-საგანმანათლებლო ცენტრს აერთიანებს, ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყველა ეს ობიექტი 2 იანვრიდან დაიკეტება. მათ შორისაა ზოოპარკი, აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული მუზეუმი, აფრიკული ამერიკის ისტორიისა და კულტურის მუზეუმი, პორტრეტების გალერეა და სხვა მრავალი დაწესებულება, რომელიც ვაშინგტონში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობისთვის უმნიშვნელოვანესი სანახაობაა. სმითსონის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ არსებული დაწესებულებები პირველ იანვარს ღია იქნება.

ხელოვნების ეროვნული გალერეა 3 იანვრიდან დაიკეტება. გალერეის აღმოსავლეთ და დასავლეთ შენობები და სკულპუტრების ბაღი მოგზაური ოჯახებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. გალერეა, როგორც წესი 1 იანვარს დაკეტილია.

მთავრობის საქმიანობის შეჩერება აისახება ეროვნულ პარკებზეც, თუმცა სხვადასხვაგვარად. ზოგიერთი მათგანი შეზღუდულად აგრძელებს მუშაობას, ზოგიერთი ყველა სერვისსა და ფუნქციას შტატების მთავრობებისგან ან საქველმოქმედო თუ სხვა კერძო ფონდებისგან მიღებული დაფინანსებების წყალობით ინარჩუნებს. ზოგიერთი კი - უკვე დაკეტილია.

ამჟამად ფედერალური მთავრობის 800 ათასამდე თანამშრომელი თუ კონტრაქტორი იძულებით უხელფასო შვებულებაშია ან იძულებულია ანაზღაურების გარეშე იმუშაოს. ამ დროს უწყებების ხელმძღვანელები ფინანსების დაზოგვის მიზნით წყვეტენ, რომელი თანამშრომლის მუშაობაა კრიტიკულად აუცილებელი უმნიშვნელოვანესი სერვისებისა და ოპერაციების შეუწყვეტლად ფუნქციონირებისათვის.

ერთ-ერთი უწყება, რომელსაც მთავრობის საქმიანობის შეზღუდვა ასევე შეეხება, გარემოს დაცვის სააგენტოა. მართალია ის ინარჩუნებს კრიზისებზე რეაგირებისა და ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის ჯგუფებს, მაგრამ სააგენტოს 14 000-მდე თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იქნება, სანამ ბიუჯეტი არ დამტკიცდება.

ანალიტიკოსები პრეზიდენტსა და დემოკრატ კანონმდებლებს შორის შეთანხმების მიღწევას უახლოეს დღეებში არ ელოდებიან, ამიტომ სავარაუდოდ, 2019 წლის პირველ დღეებში არაერთი დაწესებულების კარზე ნიშანი "დაკეტილია" იქნება დამაგრებული.