ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის "კომპიუტერული პროპაგანდა"?


საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებს ფეისბუქს და ტვიტერს იყენებენ, ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ცხრა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის დასკვნა.

„კომპიუტერული", იგივე, გამოთვლადი პროპაგანდის კვლევაზე 12 მკვლევარი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2015-2017 წლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 65 ექსპერტი გამოიკითხა. ავტორებმა ასევე შეისწავლეს შვიდ ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებული მილიონობით პოსტი.

ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ტაივანში, რუსეთში, უკრაინასა და შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული ეს პოსტები ძირითადად არჩევნების, პოლიტიკური არასტაბილურობის თუ უსაფრთხოების კრიზისების დროსაა გამოქვეყნებული.

ანგარიშის მიხედვით, გამოკვლეულ ცხრა ქვეყანაში სოციალურ მედიას ტყუილების გასავრცელებლად, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მათი აზრის შესაცვლელად როგორც მთავრობები ასევე ინდივიდუალური პირები იყენებენ.

“ის ონლაინ დეზინფორმაციის და მანიპულაციის მცდელობებს მოიცავს. მისი მიზანი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა” - ასე აღწერენ ტერმინ „კომპიუტერულ პროპაგანდა“ კვლევის ავტორები და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორები სამუელ ვული და ფილიპ ჰოვარდი.

კომპიუტერული პროპაგანდის მიზანი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა

ადრე ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ სოციალურ მედიას ინფორმაციის გავრცელებაში დიდი როლი აქვს. თუმცა, “სოციალური მედია ასევე არის სივრცე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მთავრობები, პოლიტიკური კამპანიის დამგეგმავები და, ზოგჯერ, მოქალაქეებიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის იყენებენ,“ ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის ავტორებს ყველა ქვეყანაში საერთო საკვლევი კითხვები ჰქონდათ. კვლევის საწყისი კითხვა იყო - არსებობს თუ არა შერჩეულ ქვეყანაში „გამოთვლადი პროპაგანდა“. მკვლევარებს აინტერესებდათ თუ რა ფორმით ვლინდება ის, რა მახასიათებლები აქვს და როგორ აისახება საზოგადოების ცხოვრებაზე.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ადამიანები, ვინც თავად გახდნენ ინტერნეტ შეტევის სამიზნეები, ისინიც ვინც პოლიტიკური ბოტების შექმნაზე მუშაობდნენ და მოგვიანებით პოლიტიკური კამპანიებისთვის იყენებდნენ მათ.

მკვლევარები რამდენიმე მთავარ მიგნებას გამოყოფენ:

  • სოციალური მედია ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა ახალგაზრდებისთვის, აქვე მიღებული ინფორმაციით უყალიბდებათ მათ პოლიტიკური იდენტობა.
  • ავტოკრატიულ ქვეყნებში, სოციალურ მედიას იყენებენ სოციალური კონტროლისთვის, განსაკუთრებით როცა საქმე პოლიტიკურ კრიზისს ეხება.
  • ყველა შესწავლილ ქვეყანაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამოქალაქო ჯგუფები იბრძვიან.
  • ავტოკრატული ქვეყნები „კომპიუტერულ პროპაგანდას“ იყენებენ როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებში აზრის მანიპულირებისთვის, ასევე საზღვარგარეთაც. მაგალითად ჩინეთმა მსგავსი კამპანიები აწარმოა ქუვეითში, რუსეთმა კი უკრაინასა და პოლონეთში.

ანგარიშს მიხედვით „კომპიუტერული პროპაგანდის“ მეთოდებად ხშირად იყენებენ ეგრეთწოდებულ ბოტებს - ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ინფორმაციას ავტომატურად ავრცელებს. რუსეთში ტვიტერის მომხმარებლების 45%-ს სწორედ ბოტები შეადგენს.

ბოტების და მსგავსი ტექნიკების საშუალებით, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, კამპანიის მიზანი ამ თემებზე დისკუსიის წარმოება და თემისთვის პოპულარობის შეძენაა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ასე იქმნება თემის აქტუალობა.

შეერთებულ შტატებში , 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას „კომპიუტერული პროპაგანდის“ მეთოდებით კონსენსუსის გაყალბება ხდებოდა
სამუელ ვული, კვლევის ავტორი

ერთერთი ავტორი სამუელ ვული ამბობს, რომ შეერთებული შტატების შემთხვევაში, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას „გამოთვლადი პროპაგანდის“ მეთოდებით „კონსენსუსის გაყალბება“ ხდებოდა, სადაც პოლიტიკური კამპანიის დამგეგმავები მათი კანდიდატების „პოპულარობის ილუზიის შექმნას“ ცდილობდნენ.

რაც შეეხება რუსეთს, „რუსეთი იყენებს სოციალურ ქსელებს, ბოტებს და ტროლებს, როგორც პუტინის ლიდერობის გასამყარებლად, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის,“ ამბობს სერგეი სანოვიჩი, ანგარიშში რუსეთის თავის ავტორი.

უკრაინაში, ისევე როგორც გამოკვლეული ქვეყნების უმრავლესობაში,ფაქტების გადამოწმების ფუნქციას ხშირად პატარა სამოქალაქო ჯგუფები ითავსებს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დროა სოციალური მედიის კომპანიებმა მათი ქსელების დიზაინი დემოკრატიის შესაბამისად დაიწყონ.

„კომპიუტერული პროპაგანდა დემოკრატიის წინაშე მდგარი ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. სოციალური ქსელები არ ქმნიან დეზინფორმაციას, მაგრამ მისი გავრცელების პლატფორმას წარმოადგენენ. ამიტომაც მათი დიზაინი მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს,“ ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.

ამავდროულად „უმნიშვნელოვანესია სანდო მედია ორგანიზაციების როლი დემოკრატიაში“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG