ინდიანაპოლისში სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა

8 ადამიანი დაიღუპა ინდიანაპოლისში, საფოსტო კომპანია “ფედექსის” ოფისში სროლის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. პოლიციისვე ინფორმაციით, მსროლელმა თავი მოიკლა.

პოლიციის სპიკერის, განი ქუკის ინფორმაციით, სროლა ხუთშაბათს, გვიან ღამით, ინდიანაპოლისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ფოსტის ერთ-ერთ ოფისში მოხდა. დაღუპულებთან ერთად, არიან დაშავებულებიც. საავადმყოფოში გადაყვანილია 4 ადამიანი. მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. საავადმყოფოში პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ორი ადამიანი სახლში დაბრუნდა, ამბობს ქუკი.

ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ ნებისმიერ “არალეგალურ” ამერიკულ სანქციას საპასუხო რეაქცია მოჰყვება


მსროლელის მომენტალურად იდენტიფიცირება არ მომხდარა. პოლიციის სპიკერის ინფორმაციით, ისინი მოწმეების დაკითხვისა და ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე არიან. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, იყო თუ არა მსროლელი ფოსტის თანამშრომელი.

გასული თვის განმავლობაში, მთელი ამერიკის მასშტაბით რამდენიმე მასობრივი სროლა მოხდა. 8 ადამიანი გარდაიცვალა ატლანტაში, 10 კი კოლორადოში მოკლეს.

მომხდარი ინდიანაპოლისისთვის, მინიმუმ მესამე მასობრივი სროლის შემთხვევაა 2021 წელს. იანვარში, 5 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი იყო სროლის მსხვერპლი. მარტში კი 3 ზრდასრულის და ერთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა მამაკაცმა ოჯახში კამათის შემდეგ.