დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც შეერთებულ შტატებში 4 ივლისს აღნიშნავენ, ამერიკელთათვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ქვეყნის დაბადებას 1776 წლის მერე მუდამ გამორჩეულად აღნიშნავენ. პიკნიკებისა და ფოიერვერკების გარდა, ამავე დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ ქვეყნის დემოკრატიულ იდეალებზე, ღირებულებებზე, რომლების საფუძველზეც ის შეიქმნა.
უკანასკნელ წლებში ამერიკული დემოკრატიის გამოწვევებზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ, მით უფრო უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, სადაც საერთო ნიადაგის პოვნა უფრო და უფრო რთულდება.
დემოკრატიულ იდეალებზე საუბარი თუ ბრძოლა ბევრ შემთხვევაში ქუჩის საპროტესტო აქციებით გრძელდება. ბოლო წლებში არაერთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ამერიკის ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
განხეთქილების ერთ-ერთი უახლესი საგანი უზენაესი სასამართლოს ვაკანტური თანამდებობაა. მოსამართლე ენტონი კენედის შემცვლელის კანდიდატი პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს უნდა დაასახელოს. ორივე პარტია მზადაა სენატში საბრძოლველად. კანდიდატის სენატის წინაშე წარდგენას მთელი ქვეყანა ელოდება.
„ტრამპი მეფე არ არის. ხალხი ამას წინ აღუდგება. ვერავინ დიაკავებს ადილს უზენაეს სასამართლოში ამერიკის სენატის დამტკიცების გარეშე“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა მასაჩუსეტსის შტატიდან - ელიზაბეტ უორენმა გასულ კვირას სასამართლოს წინ მოწეყობილი მსვლელობისას.
თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებიც არ არიან ჩუმად. ისინი ენთუზიაზმით უდგანან გვერდით პრეზიდენტს, რომელმაც „ამერიკის დიდების აღდგენის“ პირობა დადო. დონალდ ტრამპი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ თავი მოიწონოს ამერიკის ძლიერი ეკონომიკით და მის მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმით.
„ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს, ვიბრუნებთ სამუშაო ადგილებს. ვიბრუნებთ ჩვენს დიდ მიწას. ვიბრუნებთ ჩვენს მშვენიერ ამერიკულ ოცნებებს", - იმეორებს პრეზიდენტი.
მისი მმართველობის პერიოდში პოლიტიკური განსხვავებები კიდევ უფრო გამწვავდა, განსაკუთრებით კი რუსეთის არჩევნებში ჩარევის სპეციალური გამოძიების პარალელურად. გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების უმეტესობა მხარს უჭერს გამოძიებას, მაგრამ მზარდია იმ რესპუბლიკელების რაოდენობა, რომლებიც ამ გამოძიებას საზოგადოებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. მაგალითად კონგრესმენმა ტრეი გოუდიმ სამხრეთ კაროლინიდან გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს გამოძიებამ, მთავარია ის საჩქაროდ დასრულდეს, რადგან "ქვეყანა ორადაა გაყოფილი".
დემოკრატიის გამოწვევები ფიგურირებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც. ბოლო ორპარტიული კვლევა, რომელიც ჯორჯ ბუშის ინტსტიტუტმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაიდენის ცენტრმა და "ფრიდომ ჰაუსმა" ერთობლივად ჩაატარა, აჩვენებს, რომ იზრდება იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან.
გამოკითხულთა 55 % ამბობს, რომ მოცემულ დროს ამერიკის დემოკრატია "სუსტია". ათიდან 8 ამბობს, რომ "ძალიან" ან "გარკვეულწილად, ნაწილობრივ" შეშფოთებულია ამერიკული დემოკრატიის მდგომარეობით.
კვინიპიაკის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით კი, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 91% მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა პოლიტიკაში ცივილურობის ნაკლებობაა.
"ამერიკული უნივერსიტეტის" ისტორიკოსი ალან ლიჩმენი ამბობს, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი ინტერესები უგულებელყოფილია ამ ქვეყანაში პოლიტიკური მრწამსის, გენდერის, რასის, რელიგიის გამო. "ეს კი თანამედროვე ამერიკის ისტორიაში საკმაოდ დიდი ხანია არ გვინახავს", - ამბობს ლიჩმანი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენი ტრამპი ისედაც პოლარიზებული ამერიკული პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტად დაყოფის სიმბოლოდ იქცა.
"თავად ტრამპი ახდენს მდგომარეობის ძლიერ პოლარიზებას. საზოგადოებაც ძალიან პოლარიზებულია", - ამბობს "გალოპის" გამოკითხვების ერთ-ერთი სპეციალისტი ფრენკ ნიუპორტი. "ისინი წუხან მთავრობის შესახებ, შეშფოთებულნი არიან გრძელვადიანი ეკონომიკური სიძლიერისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საკითხების გამო, ყველაფრის გამო, რაც ირგვლივ ხდება. ასე რომ, მისი დიდი ეკონომიკური წარმატება სხვა საკითხებთან შედარებით, არ გადაზრდილა ზოგად კმაყოფილებასა და მისი საქმიანობის დადებით შეფასებაში", - ამბობს ანალიტიკოსი.
4 ივლისი ტრადიციულად პოლიტიკური განსხვავებების დავიწყების და საერთო დღესასწაულის დღე უნდა ყოფილიყო. თუმცა, ბოლო წლებში ეს განსაკუთრებით რთული მისაღწევი ხდება. გასულ 20 წელიწადში ამერიკელებმა გამოსცადეს ძლიერი ტერორისტული თავდასხმა თავის ქვეყანაში, პირველად ისტორიაში აირჩიეს შავკანიანი პრეზიდენტი, ამის შემდეგ კი კონსერვატულ, ნაციონალისტურ დღის წესრიგს მიუბრუნდნენ და სწორედ ასეთი კანდიდატი აირჩიეს პრეზიდენტად.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური დისკურსით ბევრი ამერიკელი უკმაყოფილოა. ისინი მიიჩნევენ, რომ მწვავე პოლიტიკური განსხვავებები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და საერთო ენის გამონახვა უფრო და უფრო რთულდება, რაც დამატებითი გამოწვევაა ამერიკის დემოკრატიისთვის.