ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიკალიზმის გამოწვევები დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავზე 


ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს, თუმცა წლების ეს რაოდენობა დამოუკიდებლობაში ცხოვრების ხანგრძლივობას ზუსტად არ ასახავს. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან მეორემდე 70 წლიანი კომუნისტური მმართველობის პერიოდია. ხშირად, დღეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ ამ თავსმოხვეული რეჟიმის არსებობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ არა საბჭოთა პერიოდი ახლა ეს პრობლემები არ გვექნებოდა...

რა აქვს ხელთ დამოუკიდებელ საქართველოს, რას გაუმკლავდა და რა მიღწევებზე შეიძლება საუბარი 27 წლიანი არსებობის მანძილზე, რამდენად განვითარდა და წინ წავიდა ადამიანის უფლებების დაცულობის, პროგრესულ სამყაროსთან დაახლოების თვალსაზრისით? ამ კითხვებით "ამერიკის ხმამ" რამდენიმე რესპოდენტს მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე, ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი წარმომადგენელი, რომელიც ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო 1984–1987 წლებში და საბჭოთა ციხეში იხდიდა სასჯელს. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლიანი არსებობის პერიოდი წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. „თავის დროზე, ოცნებად გვქონდა, თუ მივაღწევდით დამოუკიდებლობას, რაღაცნაირად, 25–30 წლიანი პერიოდი მაინც შეგვენარჩუნებინა ის, რადგან ბალტიისპირეთში, იმ 20 წლიანმა დამოუკიდებლობამ, რაც მათ ჰქონდათ 1918–დან 39 წლამდე, ძალიან დიდი გავლენა იქონია. იქ, ფაქტობრივად, 90–იან წლებში ცოცხალი და აქტიური იყვნენ კიდევ ის ადამიანები, ვისაც ახსოვდა ძველი, დამოუკიდებელი ბალტიისპირეთის პერიოდი. წყვეტა მახსოვრობისა, იქ, ფაქტობრივად, არ მომხდარა მაშინ, როცა ჩვენთან 26 მაისი რომ იყო დამოუკიდებლობის დღე, სანამ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ამას არ იტყოდნენ, მოსახლეობის 99.9 პროცენტმა, ალბათ, არ იცოდა, მის შესახებ. არც ქაქუცა ჩოლოყავშვილის შესახებ არაფერი იცოდა არავინ, რადგან ძალიან დიდი წყვეტა მოხდა მახსოვრობის და 30 –იანი წლებიდან მუდმივ რეპრესიებში ვიყავით“, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ვახუშტი მენაბდე, სამართლის სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საგარეო კონტექსტის გათვალისწინებით 1918–1921 წლების დამოუკიდებელი საქართველო გაცილებით პროგრესული იყო, ვიდრე ამჟამინდელია. „ეს დამოუკიდებლობის არასრული 100 წელია, რასაც ვზეიმობთ, რადგან აქედან 70 წელი საბჭოთა იმპერიის მიერ იყო დაპყრობილი საქართველო. ამასთან, ძალიან განსხვავდება დამოუკიდებლობის პირველი 3 და ახლანდელი 27 წელი. პოლიტიკური სპექტრი მეოცე საუკუნის დასაწყისში უფრო მზად იყო დამოუკიდებლობისთვის, გაცილებით უფრო პროგრესული, თანმიმდევრული და მაშინდელი დროისთვის სუპერ თანამედროვე ხედვები ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას. დღეს–დღეობით, სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით, ჩვენთან კვლავ ძლიერია რელიგიური ნაციონალიზმი, ცუდადაა განვითარებული პოლიტიკური სისტემა“.

გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული პრობლემები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში, არამედ საქართველოშიც. გუშინ ეკლესიამ ბოიკოტი გამოუცხადა დამოუკიდებელ ტელევიზიას, ერთ–ერთმა მღვდელმთავარმა კი ჟურნალისტი საჯაროდ დაწყევლა.

პარალელურად, პარლამენტში ეგრეთ წოდებულ „ცენზურის კანონპროექტს“ ლობირებს ის კომიტეტი, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

რა გვაქვს ხელთ დამოუკიდებლობის 27 წლის თავზე, ამის თაობაზე ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი ამბობს: „მე მგონია, ეკლესია დღეს ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს და ბოლო პერიოდში გადაამეტა მას. ძალაუფლებას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. მე მგონი, ამ სიფრთხილის დარღვევა იყო ეკლესიის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები. პირადად, შეიძლება საერთოდ არ ვუყურებ ამ ტელევიზიას და შესაძლოა, ამისთვის ჩემი მიზეზები მქონდეს, პოლიტიკური, მაგრამ დაწყევლა, საერთოდ, არაქრისტიანულია. საპატრიარქომ ამაზეც უნდა გააკეთოს განაცხადი, რომ მისი ასეთი დიდი ძალაუფლების მქონე იერარქი, ალბათ, უნდა მოერიდოს ასეთ ქმედებებს, რაც სახიფათოა. ჯერ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, ბევრი სასწავლი გვაქვს, დიდხანს ვიყავით მონობაში საბჭოთა კავშირში, მანამდე კი რუსეთთან. ექსტრემიზმი, ასეთი თუ ისეთი ჩვენი დემოკრატიის სინორჩის მაჩვენებელია, იმედი მაქვს, განათლებული ევროპის მიმართულებით წავალთ და შერბილდება რადიკალიზმი.“

ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავი აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG