პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე გაეროს შტაბ-ბინაში სპეციალური მოვლენით აღინიშნა. შოთა რუსთაველის 850 წლისთავთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაბეჭდა და რეალიზაციაში უკვე 26 მაისიდან გაუშვებს შოთა რუსთაველის გამოსახულებიან საფოსტო მარკებს, რომელიც ევროს დომინაციაში გაიყიდება. გაეროს Ecosoc-ის პალატაში, მარკის პრეზენტაციას გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ ქართველი მუსიკოსის გიორგი მიქაძის და ფოლკლორული ტრიოს ერთობლივი პროექტის " Georgian Overtones" კონცერტი გაიმართა. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
მარკა, რომელზეც საქართველოს რუკა 1992 წლის საზღვრებით არის წარმოდგენილი, 26 მაისიდან მსოფლიოს მოივლის. შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა გაეროს ვენის ოფისიდან გაიყიდება. მარკის დაბეჭდვის იდეა საქართველოს წარმომადგენლობას ჰქონდა. მოლაპარაკებები გაეროს შესაბამის სამსახურებთან ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და მარკის პრეზენტაციას გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მიროსლავ ლეჟაკი დაესწრო, რომელმაც სტუმრებს მიმართა:
"შოთა რუსთაველის მე 12 საუკუნის ეპოქალური პოემა "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანი ქმნილებაა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. ბევრი გზავნილი, რომელიც ამ პოემაშია, დღემდე აქტუალურია. მაგალითისთვის, კომპრომისებზე წასვლა მოლაპარაკების დროს და წინასწარ მოსალოდნელი არასასურველი შედეგის განჭვრეტა. დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ და ვახსენებთ ამ ღირებულებებს, როგორც მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში გაწეულ დიდ წვლილს."
გაეროს მიერ საფოსტო მარკების დაბეჭდვის ისტორია 1947 წლიდან იწყება. პირველი ინიციატორი არგენტინა იყო. მოგვიანებით, საფოსტო მარკები ავსტრიამ და აფრიკულმა ქვეყნებმაც დაბეჭდეს. ამ მარკების მთავარი გზავნილი მშვიდობაა. შოთა რუსთაველის 850 წლისთავის საიუბილეო საფოსტო მარკა ათი სხვადასხვა დიზაინის არის და პოემის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ასახავს. მარკის ღირებულება 80 ცენტი იქნება.
გაეროში საქართველოს ელჩის კახა იმნაძის თქმით, ამ ორგანიზაციაში საქართველო არის იმ საზღვრებში წარმოდგენილი, რა საზღვრებშიც ის იყო წარმოდგენილი 1992 წლის 31 ივლისს, როდესაც საქართველო გახდა გაეროს სრულუფლებიანი წევრი. "კონკრეტულად მარკებთან დაკავშირებით 9 თვე ვიმუშავეთ. ჩართული იყო საგარეო, განათლების, კულტურის, ეკონომიკის სამინისტროები, ჩვენი და გაეროს საფოსტო ადმინისტრაცია, შესაბამისი მასალები რომ ყოფილიყო მოძიებული, გურამ ახალიაც იყო ჩართული, რომელიც რუსთაველის დიდი ქომაგია. გაერომ მართლა უპრეცენდენტო რამ გააკეთა, დაიბეჭდა მარკა მე-12 -ე საუკუნის მოღვაწეზე, ასეთი რამ ჯერ არ გვახსოვს. ასე რომ, მგონი ძალიან კარგი საჩუქარი გამოუვიდა ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით."
მარკის პრეზენტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეც ესწრებოდა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში დღევანდელი დღე ძალიან შთამბეჭდავად უნდა აისახოს. "გაეროს პრაქტიკაში ჯერ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია."
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უცხოელმა დიპლომატებმა მიულოცეს.
იორბენ შულცი, გერმანიის ელჩი ამბობს, რომ "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხარდაჭერას წელსაც რეზოლუციის კენჭისყარზე დავაფიქსირებთ."
ვლადიმერ იელჩენკო, უკრაინის წარმომადგენელი გაეროში, ამბობს, რომ "იმ პრობლემების მიუხედავად, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები არიან, მაინც კარგი დღეა 100 წლის იუბილე და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. უკრანამაც აღნიშნა წელს სახელმწიფოს შექმნის 100 წლის იუბილე. დამოუკიდებლობა სამწუხაროდ, ისევე როგორც თქვენთვის, ჩვენთვისაც ხანმოკლე აღმოჩნდა."
მარკის პრეზენტაციაზე მისულ დიპლომატებს ჟურნალ "National geographic "-ის ქართული გამოცემა გადაეცათ, სადაც საქართველოს შესახებ წერია.
თათა კვაჭაძე: მაგალითად აქ არის "National Geographic"- ის ავტორის, პოლ სალოპეკის სტატია, რომელიც მოგზაურობს, პირველი ჰომინიდების გზას გადის ახლა ფეხით და გზად საქართველოშიც შემოიარა და დაწერა ძალიან კარგი სტატიაა ღვინოზე. დღეს ამ გამოცემას ვურიგებთ სტუმრებს.
მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორის და ჯაზის სინთეზით, დიპლომატების წინაშე ამერიკაში მცხოვრები წარმატებული მუსიკოსი გიორგი მიქაძე ფოლკლორულ ტრიოსთან ერთად წარსდგა წარმატებული პროექტით "Georgian Overtones"-ს , რომელიც ქართული ხალხური სიმღერის, კლასიკური ჯაზის და ფიუჟენის ერთობლიობაა.
Facebook Forum