სერბეთი უკრაინის ყირიმის პლატფორმას შეუერთდა

სერბეთი ოთხშაბათს უკრაინის მიერ მართულ ყირიმის პლატფორმას შეუერთდა. გადაწყვეტილებას ერთი დღით წინ უსრებდა ათენში, პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი სერბი კოლეგის, ალექსანდრ ვუჩიჩის პირისპირ შეხვედრა.

ფორუმის მიმართ ონლაინ მიმართვაში სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა თქვა, რომ სერბეთი „გულწრფელად განიცდის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ტანჯვას“.

ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი: "მჯერა, უკრაინა სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან"


"ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს და უკრაინას, რომლებსაც სერბეთში ნამდვილი მეგობარი ჰყავთ" - განაცხადა სერბეთის პრემიერმა.

ყირიმის პლატფორმა ზელენსკიმ 2021 წელს დააფუძნა. პლატფორმის მიზანი 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რეინტეგრაციაა.

მას შემდეგ პლატფორმას 67 ქვეყანა შეუერთდა. მათ შორისაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ნატო და ევროკავშირი.

სერბეთმა, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე, არაერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარს აცხადებდა მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე.

უკრაინა არ ცნობს კოსოვოს, რომელმაც 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი, თავის მხრივ, არ ცნობს რუსეთის ანექსიას ყირიმისა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.