შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი 14 აგვისტოს კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრი იერმაკს შეხვდა, წერს პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი “ტელეგრამზე”.
ო'ბრაიენი უკრაინის დედაქალაქში 13 აგვისტოს ჩავიდა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„მისი აქ ყოფნა გზავნის ძლიერ მესიჯს: შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია“, - წერს ამერიკის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: ”ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას კურსკის რეგიონში”შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მათ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მომავალი ნაბიჯები განიხილეს.
"მე მქონდა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენთან დღეს კიევში. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც დააახლოებს უკრაინას ნატოს წევრობასთან. ასევე ვისაუბრეთ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაგრძელებაზე, F-16 პროგრამის გაფართოვებაზე და უკრაინის შესაძლებლობაზე გამოიყენოს შორი რადიუსის რაკეტები რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინის მადლიერება შეერთებული შტატების ლიდერობისთვის, ძლიერი დახმარებისთვის თავდაცვისა და პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით”, - თქვა კულებამ.
ო’ბრაიენის ვიზიტის პარალელურად კიევი, რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკში სამხედრო ოპერაციას ატარებს და ამბობს, რომ ათობით დასახლებაზე აქვს კონტროლი მოპოვებული.