სანკტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწყობდა და ე.წ. „რუსულ დავოსში“ მსოფლიოს ლიდერებს და ბიზნესის გიგანტებს მასპინძლობდა, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების გამო, წელს ფინანსური ელიტიდან თითქმის არავინ დაესწრება.
ახლა, როდესაც დასავლელი ლიდერები რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობას ერიდებიან, პუტინს არ ექნება ტრადიციული შეხვედრები ამერიკელ და ევროპელ წამყვან პოლიტიკოსებთან და დიდი კორპორაციების ხელმძღვანელებთან.
ასევე ნახეთ: სანქტ-პეტერბურგის ფორუმი პანდემიის მიუხედავად იმართება15-18 ივნისისთვის დაგეგმილი ფორუმის გამოქვეყნებულ განრიგში, ამერიკული და ევროპული კომპანიების და მათი ლიდერების სახელები არ არის, რაც ასახავს იმ ყველაზე მრავლისმომცველი სანქციების წნეხში მოხვედრის შიშს, რომელიც დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ ოდესმე დაწესებულა.
სიაში ის კომპანიებიც კი არ არის, რომლებიც დასავლელი ინვესტორების მასობრივი გასვლის შემდეგ რუსეთში მაინც დარჩნენ.
გამონაკლისია, რუსეთში ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, თავის ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან ერთად. ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ხუთშაბათს სიტყვით გამოვა სესიაზე, რომლის დასახელებაა: „დასავლელი ინვესტორები რუსეთში: ახალი რეალობა.“
ფორუმზე, სადაც რუსეთი ადრე გერმანიის კანცლერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, „გოლდმან საქსის, „სითის“ და „ექსონ-მობილის“ ხელმძღვანელებს მასპინძლობდა, ამ კვირაში ავანსცენაზე ყაზახეთის და სომხეთის პრეზიდენტები იქნებიან.
რუსულმა „რია სააგენტომ“ გაავრცელა კრემლის წარმომადგენელ დმიტრი უშაკოვის ნათქვამი, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი შეხვედრის მონაწილეებს ვიდეო ხიდის საშუალებით მიმართავს.
ფორუმის სხვადასხვა სესიებზე სიტყვით გამოვლენ კუბის, ვენესუელის, თურქეთის და ეგვიპტის წარმომადგენლები.
ფორუმს ვიდეო ხიდის საშუალებით დაესწრებიან ან სიტყვით გამოვლენ ჩინეთის, ბელარუსის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ინდოეთის,ირანის, ნიკარაგუის, სერბეთის და გაერთიანებული არაბული საემიროების ოფიციალური პირები.
სტუმრების სიაში არიან ასევე ავღანეთის თალიბანის წარმომადგენლები და მიანმარის სამხედრო მთავრობის მინისტრი.
ყოველდღიური გამოცემა „RBC”, ფორუმის ორგანიზატორ „როსკონგრესზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ზოგიერთმა მონაწილემ ითხოვა, მათ პირად „ბეჯზე“ კომპანიის სახელი არ დაბეჭდონ
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ფორუმს სიტყვით პარასკევს მიმართავს.