ხუთშაბათს, შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ცდილობდა რუსეთის ელიტების, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან სანქციების თავიდან ასაცილებელი ზომების ჩახშობას.
სამიზნეებში რუსი ოფიციალური პირების და პუტინთან დაახლოებულთა იახტების საბროკერო ფირმა, თუ თვითმფრინავი შედის. იახტებს შორისაა რუსული დროშით მოცურავე Graceful და კაიმანის კუნძულების დროშით - Olimpia. ამასთან ერთად, სახელდება კიდევ ორი იახტა: Shellest და Nega, რომლებსაც რუსული კომპანიები ფლობენ.
ახალი სანქციები დაწესდა „სანქციების თავიდან აცილების აღსაკვეთად და ჩვენი სანქციების გასამკაცრებლად, რათა გაუმჯობესდეს აღსრულება და პუტინზე და მის ხელისშემწყობებზე წნეხი გაიზარდოს“ - განაცხადა თეთრმა სახლმა.
სანქციების დაწესების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა: „შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და იმავდროულად პრეზიდენტ პუტინის და მათი პასუხისმგებლობის საკითხის გააქტიურებას, ვინც რუსულ აგრესიას შესაძლებელს ხდის.“
შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლა უკვე სანქცირებული იახტებით მანამდე „ბევრჯერ იმოგზაურა“ და ბოლოს ეს გასულ წელს მოხდა. „რუსეთის ელიტის წარმომადგენლები, პუტინამდე და მისი ჩათვლით, ეყრდნობიან რთულ მხარდამჭერ ქსელს, რათა თავისი ქონება და მდიდრული საკუთრება დამალონ, გადააადგილონ და შეინარჩუნონ“, თქვა ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ტერორიზმის და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ბრაიან ნელსონმა.
„დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ ხაზინას შეუძლია და დაუპირისპირდება მათ, ვინც უპატიოსნო გზით შეძენილ ინტერესებს იფარავს და ინარჩუნებს. გავაგრძელებთ ჩვენი სანქციების აღსრულებას და გამოვააშკარავებთ კორუმპირებულ სისტემებს, რომელთა მეშვეობითაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ელიტის წარმომადგენლები გამდიდრდნენ“, თქვა ნელსონმა.