კვირას, ლოს-ანჯელესში გამართულ "გრემის" დაჯილდოების ცერემონიას, წინ უსწრებდა კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი. "ყველანი აქ ვართ, მუსიკის დღესასწაულის უდიდეს საღამოზე, საუკეთესო მომღერლების დასაფასებლად, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, საშინელ სევდას ვგრძნობთ" - თქვა საღამოს დასაწყისში მომღერალმა ალიშია ქისმა.
საქმე იმაშია, რომ კობი ბრაიანტი "ლოს-ანჯელესის ლეიკერსში" თამაშობდა. დარბაზი კი, სადაც "გრემის" ცერემონია გაიმართა, სწორედ ის ადგილია, სადაც კალათბურთის გულშემატკივრები წლების მანძილზე, მისი ვირტუოზული თამაშის სანახავად დადიოდნენ და სადაც გუშინ, კობის დაღუპვის შემდეგ, ყვავილები მიჰქონდათ. "გულგატეხილები ვდგავართ იმ სახლში, რომელიც კობი ბრაიანტმა ააგო" - თქვა ალიშია ქისმა.
საღამოს მთავარი სენსაცია იყო 18 წლის ბილი აილიში. ახალბედა მომღერალმა და ალბომის - "სად მივდივართ ჩვენ, როცა ყველას ჩაეძინება" - ავტორმა, ხუთი პრიზი აიღო, აქედან ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები, ე.წ. "გრემის" დიდი ოთხეული. ძმასთან, ფინეას აილიშთან ერთად, მან ალბომი საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში ჩაწერა.
ორივე ლოს-ანჯელესში, იმ სახლში გაიზარდა, სადაც ბილის სიმღერები დაიწერა. მოგვიანებით, კულუარებში მათ თქვეს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ ისეთი ალბომის გამარჯვებას, რომელიც იყო მოზარდების დეპრესიაზე, სუიციდურ ფიქრებზე და კლიმატურ ცვლილებებზე.
ბილი აილიშმა აიღო საუკეთესო ალბომის, საუკეთსო სიმღერის (Bad Guy), საუკეთესო ჩანაწერის და საუკეთესო დამწყები შემსრულებლის პრიზები. მისი ძმა დააჯილდოვეს საუკეთესო პროდიუსერის და საუკეთესო ხმის რეჟისორის პრიზებით. ორივემ ერთად კი დამატებით აიღეს საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომის ჯილდო.
მომღერალმა ლიზომ, რომელიც ნომინაციების ლიდერი იყო, სულ სამი პრიზი მოიპოვა. მათ შორისაა: საუკეთესო სოლო შესრულება და საუკეთესო ქალაქური ალბომი.