„ტერორისტული თავდასხმა“ - ეს არის შეფასება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად ერთვის თან 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას, რომელსაც 1 200 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის: ბავშვების, ქალებისა და ხანშიშესული ადამიანების სისცოცხლე შეეწირა. თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა 250-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს, საიდანაც 101 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ამერიკაში მცხოვრები, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელები ფიქრობენ, რომ „ჰამასის ტერორისტების“ ეს თავდასხმა, ებრაელ ხალხზე ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე სასტიკი თავდასხმა იყო და ამბობენ, რომ ამ თავდასხმის შემდეგ მსოფლიო ანტისემიტიზმის „უპრეცედენტო ტალღამ მოიცვა“. სწორედ ამიტომ, მათ მიაჩნიათ, რომ ახლა მსოფლიო ყველანაირი სიძულვილის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.
„ებრაული სახელმწიფო ძვირფასია გადარჩენილებისთვის და 7 ოქტომბრის მოვლენებმა დამღუპველი გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ ანტისემიტიზმს და ყველა სახის სიძულვილს, შევახსენოთ ხალხს რომ ჩვენ ნამდვილად ერთი ოჯახის წევრები ვართ და ვგოლოვობთ ამ ომში ყველა უდანაშაულო ადამიანის დაღუპვას“, - ამბობს ალფრედ მიუნცერი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი, რომლის განცხადებაც „ამერიკის ხმას“ ჰოლოკოსტის მუზეუმმა მიაწოდა.
ანტისემიტიზმის ზრდა მსოფლიოში, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომმა გამოიწვია, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაზე პასუხად ისარელმა დაიწყო. ომში ისრაელის გაცხადებული მიზანია გაანადგუროს „ჰამასი“ და გაათავისუფლოს გატაცებული მძევლები, რომელთა ნაწილი ისრაელმა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის, ამერიკის ჩართულობთ დაიბრუნა. ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის ომმა, გაეროს მონაცემებით, ათობით ათასი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა. ომის შედეგად დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. გაეროს განცხადებით,"ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომმა, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი წარმოშვა, რის გამოც პალესტინელთა დიდ ნაწილს სასმელ წყალსა და საკვებზე წვდომა შეზღუდული აქვს.
კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით, ანტისემიტიზმი, ისე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ასევე გაზრდილია აშშ-ში. ამერიკული კვლევითი ცენტრის, „პიუს“ მონაცემებით 2021 წელთან შედარებით, ანტისემიტიზმის გამოვლენის შემთხვევები ამერიკაში გაორმაგდა. გამოქვეყნებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ამერიკელი ახალგაზრდების 40 პროცენტი ფიქრობს, რომ ებრაელების მიმართ დისკრიმინაცია მათ წრეში გაიზარდა მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი, კვლევის მიხედვით, 20 პროცენტი იყო. 2021 წელთან შედარებით, 5 პროცენტით არის გაზრდილი დისკრიმინაცია მუსლიმი თემის მიმართ.
„კანარის ჩიტი მაღაროში“ - ასე ეხმაურება მზარდ ანტისემიტიზმს ამერიკის დედაქალაქში არსებული ჰოლოკოსტის მუზეუმის დირექტორი, სტიუარტ ეიზენსტატი. მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელზეც დემოკრატიულმა სამყარომ ერთად უნდა იმუშაოს და პრობლემა გადაჭრას.
„მნიშვნელოვანია, ანტისემიტიზმს და ყველა ჯგუფის მიმართ სიძულვილს წინ აღვუდგეთ“, - ამბობს ეიზენსტატი.
„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის პარალელურად, სულ უფრო მზარდია შეშფოთება, რომ შესაძლოა ომი გაფართოვდეს და ის რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ დროა ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. ბაიდენის ადმინისტრაცია აქვე განმარტავს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ბლინკენი: ისრაელი თავს ტერორიზმისგან იცავს
7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მნიშვნელობას.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დამანგრეველი და ტრაგიკული მოვლენის წლისთვას. 2023 წლის 7 ოქტომბერს, 1200-ზე მეტი მამაკაცი, ქალი და ბავშვი, მათ შორის, 46 ამერიკელი და 30-ზე მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქეები, "ჰამასმა მოკლა" - [ეს] ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტაა [..] დროა, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მძევლებს შინ დააბრუნებს, შეამსუბუქებს ისრაელისა და პალესტინელი ხალხის ტანჯვას და საბოლოოდ დაასრულებს ამ ომს.
ასევე ნახეთ: ისრაელი "ჰამასის" თავდასხმის წლისთავს აღნიშნავსსაერთაშორისო თანამეგობრობა ასევე მტკიცედ უნდა დადგეს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინაშე, მათ შორის "ჰამასის" მსგავსი ჯგუფების მხარდაჭერის წყაროების ჩათვლით. მან უნდა დაგმოს ირანის მხარდაჭერა "ჰამასის" და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიმართ რეგიონში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამდენ სიკვდილზე, ნგრევაზე და არასტაბილურობაზე.
ამ მტკივნეულ წლისთავზე, შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის იცავს თავს ტერორიზმისგან“, - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედა.