დებატების შეფასება

შეხვედრა საგარეო პოლიტიკის თემებით გაიხსნა
ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების დაწყებამდე ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტის მიერ დებატების დროს დაშვებული შეცდომა უნდა გამოესწორებინა და პოლ რაიანთან პირისპირ კამათის შესაძლებლობა ეფექტურად გამოეყენებინა ამერიკელი ამომრჩევლის დასარწმუნებლად, ყოფილიყო შემტევი და მოწინააღმდეგებსთან კამათში თავისი პოზიციის გასამყარებლად ებრძოლა.

პოლიტიკური მიმომხილველები, ასევე, აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკელი კანდიდატის მოვალეობას ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების მოთხოვნა და სოციალური დაზღვევის პროგრამების რეფორმირების წინადადებები დასაბუთება წარმოადგენდა.

შეხვედრა საგარეო პოლიტიკის თემებით გაიხსნა. წამყვანმა, „ეი-ბი-სის" ტელეარხის ცნობილმა ჟურნალისტმა, მართა რადაცმა იკითხა, თუ რამდენად იყო ლიბიაში ამერიკის საელჩოზე განხორციელებული შეტევა სადაზვერვო სამსახურების არაეფექტური მუშაობის შედეგი.

ჯო ბაიდენის მტკიცებით, გამოძიებული იქნება ყველა დეტალი და დამნაშავეები დაისჯებიან. ასევე, ამერიკული საზოგადოება შეიტყობს გამოძიების შედეგად მოპოვებულ ყველა ფაქტს, რათა მომხდარი აღარ განმეორდეს.

ვიცე პრეზიდენტობის ახალგაზრდა რესპუბლიკელი კანდიდატის, პოლ რაიანის აზრით, ლიბიაში მდებარე ამერიკის საელჩოში დამატებითი დაცვა უნდა ყოფილიყო ჩაყენებული და ის, რომ ლიბიაში ალ ყაიდა აქტიურობს ამის მიზეზი უნდა გამხდარიყო.

მანვე თქვა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა 2014 წლის ბოლომდე პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო და რომ ეს ნაბიჯი ავღანეთში მიღწეულ შედეგებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ჩვენ არ გვინდა რომ მოკავშირეებს ჩვენში რწმენა დავუკარგოთ, და არც მტრის გააქტიურებას გვინდა ხელი შევუწყოთ ან მათ მეტი თავდასხმების განხორციელების საშუალება მივცეთ,“ - განაცხადა პოლ რაიანმა, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა:

„ეს უაზრო განაცხადია. ჩვენი 49 მოკავშირე ამ პოზიციაზეა, 49-ვე მათგანმა თქვა, რომ ავღანეთიდან 2014 წელს გავა და რომ პასუხისმგებლობას ავღანელებს ვაბარებთ თავიანთ ქვეყანაზე.“

ბაიდენმა პრეზიდენტ ობამას სტრატეგიაც დაიცვა სირიასთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ სიტუაცია სირიაში ფუნდამენტურად განსხვავდება ლიბიაში მუამარ კადაფის დამხობამდე შექმნილი სიტუაციისგან და რომ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი თავად ამბობს უარს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სირიის საკითხში.

„ნებისმიერ დროს, როდესაც მიტ რომნის სირიაზე ეკითხებოდნენ, ის პასუხს გაურბოდა და ბოლოს მაინც იმას ამბობდა, რომ არაფერს განსხვავებულს იქ არ გააკეთებდა,“ - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ თუ რესპუბლიკელები ამერიკელი ჯარისკაცების გადასროლას ითხოვენ სირიაში, მაშინ ეს მათ უფრო ხმამაღლა და პირდაპირ უნდა მიუთითონ.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვიცე პრეზიდენტისეული ინტერპრეტაცია უარყო და თქვა, რომ არც საპრეზიდენტო კანდიდატი რომნი და არც თვითონ არასოდეს მოითხოვდნენ სირიაში ომის დაწყებას, თუმცა, აქვე მან კრიზისის დარეგულირების მიზნით, ბარაკ ობამას მიდგომა გააკრიტიკა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას, ისრაელის მსგავსად, არ სურს ირანელებმა ბირთვული იარაღის განვითარება შეძლონ. რაიანის თქმით, ობამას ირანული პოლიტიკა ნდობას არ იმსახურებს.

კანდიდატებს შორის შიდა საკითხებზეც ცხარე დებატები გაიმართა. ყველაზე აქტიურად ისინი უმუშევრობის პრობლემატიკაზე მსჯელობდნენ. მოქმედმა ვიცე პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა კანდიდატზე გაილაშქრა და თქვა, რომ რაიანი კონგრესში მიღებული გადაწყვეტილებებით შექმნილი მდგომარეობისთვის არის პასუხისმგებელი.

დებატების შემდეგ, ორივე კანდიადატის საარჩევნო შტაბი გამარჯვებას ზეიმობდა. მიტ რომნის კამპანიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ პოლ რაიანმა შეძლო ამერიკელებისთვის უკეთესი ეკონომიკური მომავლის წარმოდგენა, ობამას შტაბი კი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვერ მოახერხა საკუთარი გეგმის დაცვა.

ამ ფონზე, წინასაპრეზიდენტო მარათონი კიდევ უფრო მწვავდება განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მიტ რომნიმ არაერთ გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატში ჩატარებული კამპანიით კარგი შედეგები აჩვენა. ზოგიერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რომნი პრეზიდენტის რეიტინგს უსწრებს.

ამ მოვლენას კი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია ბუნებრივად მოიხსენიებს, და აცხადებს, რომ მაშინ როცა არჩევნებამდე ოთხ კვირაზე ნაკლები რჩება, კანდიდატების რეიტინგების თანაბრობა სულაც მოსალოდნელი და ახსნადი იყო.