რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი გრძელდება. სააგენტო "ინტერფაქს ნიუსის" ცნობით, ხუთშაბათს დახურულ კარს მიღმა ჯაშუშობის საქმეზე სხდომა განახლდა. ამ ინფორმაციას გამოცემა სასამართლოს პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ მოსამართლემ მოწმეთა ჩვენებები მოისმინა.
32 წლის გერსკოვიჩი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლოს წინაშე გასულ თვეში, ქალაქ ეკატერინბურგში წარდგა. მას ბრალი ჯაშუშობაში ედება და 20 წლით პატიმრობა ემუქრება.
პროკურორების მტკიცებით, გერშკოვიჩი უკრაინაში გამოსაყენებელი ტანკების მწარმოებელი კომპანიის თაობაზე საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და ამით ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დავალებას ასრულებდა.
ასევე ნახეთ: რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრები"უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს" თანამშრომლებმა გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ეკატერინბურგში, სტეიკჰაუზში დააკავეს, მას შემდეგ ის მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეშია.
გერშკოვიჩი, მისი დამსაქმებელი "უოლ სთრით ჯორნალი" და ამერიკის მთავრობა - ყველა უარუოფს რუსული მხარის ბრალდებებს. ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო აკრედიტებული და მხოლოდ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
სასამართლოში მისი საქმის განხილვა 13 აგვისტოს უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ კვირის დასაწყისში, ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, ის 18 ივლისისთვის ჩაინიშნა. სხდომა პრესისთვის დახურული იყო და სასამართლოს ცნობით, მედია სხდომაზე მაშინ დაიშვება, როცა გერშკოვიჩს ვერდიქტს გამოუცხადებენ.