რუსი ჯარისკაცი პატიებას ითხოვს

ომის დანაშაულში ბრალდებულმა 21 წლის რუსმა ჯარისკაცმა, უკრაინელ ქვრივს, მისი ქმრის მკვლელობისთვის პატიება სთხოვა. კიევის სასამართლო, რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, პირველ საქმეს განიხილავს.

ვადიმ შიშიმარინმა, ორშაბათს დანაშაული აღიარა. მას ბრალად 28 თებერვალს, უკრაინულ სოფელ ჩუპახივკაში 62 წლის მამაკაცის მკვლელობა ედება.

„ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს.. გთხოვთ მაპატიოთ“ - უთხრა მოკლული მამაკაცის ქვრივს ბრალდებულმა, დღეს გამართულ სასამართლო მოსმენაზე.

მოკლული მამაკაცის ქვრივმა, სასამამართლოს წინაშე, რუსი ჯარისკაცის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე ისაუბრა. ამბობს, რომ სროლის ხმა გაიგონა, ადგილზე მისულმა ნახა, რომ სახლის უკანა ეზოში, მისი ქამრი მოკლეს.

„ჩემი ქმრისკენ გავიქეცი, ის უკვე მკვდარი იყო. თავში ესროლეს. ვიკივლე, ძალიან დიდი ხანი ვკიოდი“ - განაცხადა სასამართლოს წინაშე კატერინა შელიპოვამ.

შელიპოვამ სასამართლოს ასევე უთხრა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ მკვლელს, პატიმრების გაცვლის პროცესში, „ჩვენს ბიჭებში“ გაცვლიან.

ასევე ნახეთ: „აშკარა ომის დანაშაული“ - ჰიუმან რაითს უოჩი უკრაინაში რუსული ძალების ქმედებებზე

კრემლი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და უკრაინაში რუსული დიპლომატიური სამსახურის არყოფნის გამო, ბრალდებულისთვის მოსკოვის იურიდიული დახმარების გაწევა შეზღუდულია.