რუსული იერიშების გამო უკრაინის ხუთ რეგიონში ელექტროენერგიის ქსელები დაზიანდა

ორშაბათს, უკრაინის ენერგოქსელის სახელმწიფო ოპერატორმა განაცხადა, რომ რუსულმა დაბომბვამ უკრაინის ხუთ რეგიონში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელები დააზიანა.

„ღამით დრონებით თავდასხმამ მთავარი ენერგო ინფრასტრუქტურა არ დააზიანა,“ ნათქვამია „უკრენერგოს“ განცხადებაში, „თუმცა ფრონტის ხაზზე და საზღვარზე რუსული დაბომბვების გამო დონეცკის, ხარკივის, ხერსონის, სუმის და ჩერნიჰივის რეგიონებში, გამანაწილებელი ქსელები კვლავ დაზიანებულია“.

ასევე ნახეთ: უკრაინა ელექტრონერგიის და გათბობის გარეშე - რუსული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე

უკრაინის ენერგოსისტემამ გაუძლო თვეების განმავლობაში რუსული რაკეტებით და დრონებით თავდასხმებს, რომლებიც ხანდახან მილიონობით ადამიანს, ზამთრის ცივი თვეების განმავლობაში, ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე ტოვებდა.

მაგრამ სწრაფად ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა, დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებულმა აღჭურვილობამ და ჰიდროელექტროსადგურებისთვის ხელსაყრელმა ამინდმა კიევს საშუალება მისცა ენერგიის მიწოდება აღედგინა და მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის მცირე მოცულობით ექსპორტიც კი მოეხდინა.